ივლის-აგვისტოში საქართველოში, ბოლო სამი წლის მეორე ნახევრის პერიოდთან შედარებით, 26%-ით მეტი კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. EastFruit-ის მონაცემებით, ივლისის იმპორტის მოცულობა უჩვეულოდ მაღალი იყო და ეს ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა.
გასულ თვეს, სათესლე კარტოფილის გარეშე, მთლიანმა იმპორტმა 2 400 ტონა კარტოფილი შეადგინა. ეს ბოლო სამი წლის პერიოდის აგვისტოს საშუალო მაჩვენებელზე 8-ჯერ მეტია, ხოლო 2014-2020 წლების აგვისტოს მაჩვენებელს 17-ჯერ აღემატება.
EastFruit ივლის-აგვისტოს იმპორტის დიდი მოცულობის მიზეზად რუს იმპორტიორებს ასახელებს, რომლებმაც წინა თვეებში დიდი რაოდენობით ქართული კარტოფილი შეიძინეს, რამაც, პორტალის შეფასებით, სექტემბრის ახალი მოსავლის წინ ადგილობრივი მარაგი მეტად შეამცირა, მის შესავსებად კი გაიზარდა იმპორტი, რაშიც 97%-იანი წილით კვლავ თურქეთი ლიდერობს.
მიმდინარე თვეს კარტოფილის მოსავლის აღება მთავარ რეგიონ სამცხ-ჯავახეთში იწყება. ოთხი-ხუთი კვირის წინ ფერმერების საშუალო ფასმა 100 კგ-ზე 35 დოლარიდან კლება დაიწყო და გასულ კვირას 29 დოლარამდე ჩამოვიდა. EastFruit-ის პროგნოზით, ფასი შესაძლოა, ისევ შემცირდეს, რადგან აგვისტოში თურქული კარტოფილი 23 დოლარად შემოვიდა. თუმცა 2020 წლის მაჩვენებლამდე არ დაეცემა, რამაც მაშინ ქართველ ფერმერებს იმედი მეტად გაუცრუა. გასულ კვირას საშუალო ფასი წინა სამი წლის ანალოგიური კვირის ფასს 20-30%-ით აღემატებოდა.
2020 წლის სექტემბრის მოსავალი საკმაოდ დიდი იყო, მოთხოვნა კი Covid-19 პანდემიის გამო მეტად დაბალი. ამან 100 კგ კარტოფილზე ფასის 17 დოლარამდე შემცირება განაპირობა.
„გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით, მიმდინარე მოსავალი ჭარბი არ იქნება. ამასთან, ადგილობრივი მოთხოვნა წლის განმავლობაში შესაძლოა, არ გაიზარდოს, რადგან Covid-სტატისტიკა გაუარესდა, ფასები სწრაფად იზრდება და მუშახელის რაოდენობა სრულად ჯერ არ აღმდგარა,“ – წერს EastFruit, რომლის შეფასებითაც, ფასების მთავარი ინდიკატორი ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებული მოცულობა იქნება.
პორტალი წერს, რომ ქართული ბაზარი არ არის კარტოფილით ისე გაჯერებული, როგორც ერთი წლის წინ იყო და ამიტომ ფასების კლება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თურქულ მხარეზეც, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტიური ჩანს.
bpn.ge