სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. ფქვილის იმპორტიორი, თენგიზ ფაცაცია ამბობს, რომ ფქვილის იმპორტის ზრდის პროცესი ჯერ მხოლოდ იწყება და იმდენად შეუქცევადია, რომ ის, დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს ხორბლის შემოტანას.
მისი თქმით, ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესება, რამაც ფქვილის იმპორტი გაზარდა, რუსული მხარის დივერსიაა საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ.
,, ევრაზიული კავშირის არა წევრი ქვეყნებისთვის, რუსეთს რამდენიმე პროდუქტზე განსხვავებული საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული. ახლა ასეთია სიტუაცია, ჩვენ და აზერბაიჯანი 17%-ით მეტს ვიხდით ზეთზე და ხორბალზე, ვიდრე მაგალითად, სომხეთი. ამან განაპირობა, რომ ფქვილის იმპორტი იზრდება, რადგან ჩვენთვის მსგავსი გადასახადი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ფქვილზე ფასი გაზრდილია თავად რუსეთშიც, მაგრამ ხორბლის შემოტანას და შემდეგ გადამუშავებასთან შედარებით მაინც ბევრად იაფია. ზრდა, რომელიც გვაქვს, ჯერ მხოლოდ პროცესის დასაწყისია.
ინფორმაციისთვის, სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ 4 009 ტონა ფქვილი (1,234 მლნ აშშ დოლარი) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 532 ტონა (146.4 ათასი აშშ დოლარი).
რაც შეეხება 9-თვიან მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანამ 16 430 ტონა (4.897 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი, კვლავ რუსეთია, საიდანაც საქართველოში 9 თვეში 15 801 ტონა 4.614 მლნ აშშ დოლარის ფქვილი შემოვიდა.