“მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია… დაემატა ანემია და რამდენიმე ახალი პრობლემა,” – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა.
ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ანემია აქვს. ექიმის განმარტებით, ანემიის ნიშნები მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დროს ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გამოსწორდა, ახლა კი ანემია ისევ დაიწყო.
“პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გრძელდება საერთო სისუსტე, დისბალანსი, სიარულის პრობლემები აქვს. ამას დაემატა რამდენიმე ახალი პრობლემა – კუჭნაწლავის პრობლემები, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარდა და ნეიროდეფიციტი, რაც ჩემი აზრით, უკვე გამოხატულია.
ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები…. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, შეიძლება ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატი. [ფსიქოემოციური მდგომარეობა] მე ვიტყოდი, რომ სტაბილურად ცუდია, ვერ გეტყოდით, რომ გაუმჯობესებულია “,- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძემ სახალხო დამცველისა და ცენტრ “ემპათიის” ექიმებს მაღალი კვალიფიკაციისა და ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ბოლო პერიოდში არ უსაუბრიათ, მაგრამ 2 კვირის წინ გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა და მესამე პრეზიდენტმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა.
ნიკოლოზ ყიფშიძემ ფქისოტროპული მედიკამენტების გამოყენებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ დოზა თერაპიულ დოზებს შეიძლება არ აღემატებოდეს, მაგრამ ის დოზა, რასაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, წამების, არააადამიანური მოპყრობის , შიმშილობის ფონზე, ძალიან დიდი დოზა იყო.