“ქართული ოცნების” დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “კრიტიკა ჯანსაღ ლოგიკურ ახსნას უნდა ეფუძნებოდეს.
“კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ჯანსაღ ლოგიკურ ახსნას. 4 თვე სჭირდებოდა პროცედურას, რომ 6 თვის ვადით აგვერჩია ცესკოს წევრები. წარმოიდგინეთ, რა ლოგიკაა იმაში, რომ 4 თვით მიმდინარეობდეს პროცესი, რომ მხოლოდ 6 თვის ვადით აირჩიო.
ის, რომ ორი მესამედი შენარჩუნებული იყო რო ვეცადოთ კონსესუსის მიღწევას ოპოზიციასთან, ეს შენარჩუნებულია და თუ პირველ ჯერზე ვერ ხერხდება კონსესუსი, ჩვენ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არანაირი პრაქტიკული დანიშნულება და არანაირი წამახალისებელი შემდგომი პროცედურები არ იყო”, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას დღეს გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი “არასაჭირო ნაბიჯია”, რომელიც დაშორებულია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.