ჩარკვიანი: სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის, რუსთაველი უნდა მოიკავო

კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რომ დროა რუსთაველი “მოიკავონ”.

“დავრჩეთ ერთხელ ამ მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად რუსთაველზე. გახსოვთ, ქირქილი რომ ატეხეს, გახსოვთ, ვთქვი, აუცილებლად გააკეთებთ ამას-მეთქი. დიახ, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის. რუსთაველი უნდა მოიკავო, უნდა შეაწუხო, არ ხდება ასე, გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის. მორიგეობა იქნება ალბათ საჭირო, გადავნაწილდებით, რომ მხოლოდ ხალხი კი არ იყოს, ჩვენც ვიყოთ მათთან ერთად განაწილებულნი”,- ამბობს ჩარკვიანი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, დღეიდან იწყებენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას, მანამ სანამ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული. ამის შესახებ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იშიმშილებს თავად ნიკა მელიაც.

“დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას”,- ამბობს მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share