საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ვერ დაესწრება. ადვოკატების ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
დღევანდელი პროცესი საზღვრის კვეთის საქმეს უკავშირდება. საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი ხვალ არის დაგეგმილი 7 ნოემბრის საქმეზე, მომდევნო კვირაში კი სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს.
უფლებადამცველების თქმით, ყველა ეს საქმე ნათლად აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება.
“დღეს შედგება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების გამო ასამართლებენ. ხვალ გველოდება პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრაქტიკულად მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო მომდევნო კვირაში იქნება პიჯაკების საქმე, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად ფორმალურადაც კი ვერ ვუწოდებთ. ეს არის ყველა ნორმალურ პირობებში გაწეული ხარჯისთვის პრეზიდენტის გასამართლება. ამ საქმეებზე ხელისუფლება ცდილობს, თავისი პროპაგანდა ააგოს, თუმცა საზოგადოებამ უკვე ნათლად იხილა, თუ როგორი აბსურდული საქმეები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმართული”, – თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფლებადამცველები დღის მეორე ნახევარში მოინახულებენ. გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტს დღეს თანაგუნდელებიც შეხვდებიან.