ვიდრე ხელისუფლება, ლამის თვეში ერთხელ, პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილებით „ერთობა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დეპუტატების არადეკლარირებულ ბიზნეს-აქტივებთან დაკავშირებით, ახალ კვლევას აქვეყნებს. ირკვევა, რომ უმაღლესი კანონმდებლების სტატუსთან შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობა მეათე მოწვევის პარლამენტშიც ისეთივე პრობლემას წარმოადგენს, როგორც წინა ცხრაში… დიახ, მარტივი ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს წევრს სამეწარმეო საქმიანობის, მით უმეტეს, კომპანიების ფლობის უფლება არ აქვს, 30 წელია, ვერცერთი მოწვევის დეპუტატებმა ვერ გაიგეს!
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მკვლევარების განცხადებით, საჯარო სამსახურის ბიურო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რეალურად ეწევიან თუ არა დეპუტატები სამეწარმეო საქმიანობას. რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობას, ეს თემა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა შეისწავლოს.
პარლამენტის წევრების ბიზნეს ინტერესები
„გამჭვირვალობის“ კვლევით ირკვევა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს.
10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში და ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია;
13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა ანუ დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესაქტივებს (10 და მეტი კომპანია), შემდეგი დეპუტატები ფლობენ:
ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 32 კომპანია;
მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 30 კომპანია;
ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 22 კომპანია;
ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია; ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია; კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 12 კომპანია;
დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 10 კომპანია.
დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით, მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; უფლება არ აქვს, უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
„გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, 12 შემთხვევაში, პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, ზოგიერთი დეპუტატი მაინც განაგრძობდა სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას: გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ნონა მამულაშვილი, მამუკა მდინარაძე, როსტომ ჩხეიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, იაგო ხვიჩია, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩარკვიანი, ხათუნა კვიციანი.
რაც შეეხება კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს, „გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად, უმეტეს შემთხვევაში, დეპუტატების დეკლარაციებში მითითებულია ნული (0) ლარი. 62 დეპუტატიდან, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი მხოლოდ 22-მა დეპუტატმა მიუთითა.
შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ შემდეგი დეპუტატები:
კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 11 268 533 ლარი;
ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 1 528 556 ლარი; ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 418 917.5 ლარი;
ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 263 590.42 ლარი.
https://cnews.ge/