საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა.
როგორც სემეკის განცხადებაშია ნათქვამი, ფასის მატება არც მომავალში განიხილება. კომისიამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ კომუნალურებზე ორი ქვითარი და გაზრდილი გადასახადები მოუვიდათ.
“2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.
პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
https://formulanews.ge/