სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიის რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.
უწყებაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განახორციელეს.
უწყების ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ კი 824,000 ლარზე მეტი შეადგინა.
„გარდა ამისა, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი”, – ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.