სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრისას უკრაინაზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა.
“ჩვენი თემა დღეს არის ეროვნული თანხმობის თემა, თუმცა, გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს.
დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიული არის და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ ჩემი სათქმელი არის დღეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში.” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა
სალომე ზურაბიშვილმა 24 იანვარს ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრები ქალ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან შეხვედრები გამართა და მისი ხედვა გააცნო.
28 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა რომ, საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება.
როგორც მან ორბელიანის სასახლეში განაცხადა, პროცესის დასაწყისი არაა პარტიების შერიგება. მან აღნიშნა, რომ არ აქვს “არც ბერკეტი და არც ძალა, რომ ესოდენ დაპირისპირებული ძალები” შეარიგოს.