ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო, რუსეთმა საპროტესტო ნოტა გამოგზავნა

რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გამოუგზავნა. ლავროვის უწყება იმ აქციამ აღაშფოთა, რომელიც “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართა. რუსეთმა ამ ყველაფერს “ინციდენტი” უწოდა:

“ჩვენ შეშფოთებით მივიღეთ ინციდენტი. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ ანტირუსული პოლიტიკური აქცია გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობის უშუალო მიმდებარე ტერიტორიაზე. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში გაითიშა ელექტროენერგია

ინციდენტთან დაკავშირებით ინტერესთა განყოფილებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მკაცრად დაცვის აუცილებლობის შესახებ. მსგავსი სიგნალები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს.

განყოფილებას ელექტრომომარაგება ახლა აღდგენილია.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.” განუცხადა მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა.

26 იანვარს, “ევროპულმა საქართველომ” რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, შენობის კედელზე სპეციალურად მომზადებული კლიპი გაუშვა, ფრიალებდა უკრაინის დროშა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share