არ ვეთანხმები, თავს დამნაშავედ არ ვცნობ…თავისუფლება მიშას!!! – კირკიტაძის წარწერა ბრალდების ოქმზე

გავეცანი დადგენილებას ჩემი ბრალდების შესახებ. არ ვეთანხმები, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავისუფლება მიშას!!! – ეს წარწერა გაუკეთა დავით კირკიტაძემ ბრალდების ოქმს.

ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს რუსთავის პოლიციაში გააცნეს დადგენილება.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, წინასაარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო. მათ შორისაა თავად კირკიტაძეც.

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,  ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე გირაოს ითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share