კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ეს ინფორმაცია სამინისტრომ დღეს, 2 თებერვალს გაავრცელა.
კონკურსების ჩაშლის მიზეზები სამივე თეატრის შემთხვევაში განსხვავებულია.
ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ 27 იანვარს კანდიდატებად წარადგინა სამი რეჟისორი – დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია. მათი შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო პროფესიულ სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭოს სხდომაზე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა.
მიხეილ თუმანიშვილის თეატრის შემთხვევაში კი, საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში, სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შესულა. აღნიშნულ თეატრში კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა.
რაც შეეხება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს, აქ კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. სამინისტროს მიმართა ექვსმა კანდიდატმა: თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა – მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.
კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ მათ ნაწილს არ ჰქონდა საკმარისი კვალიფიკაცია თეატრის სამართავად, ხოლო ყოფილი ხელმძღვანელის, კონსტანტინე აბაშიძის ოთხწლიანი ანგარიში სამინისტროსთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა:
“კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი”, – განმარტებულია სამინისტროს განცხადებაში.