”ამ ვიდეოჩანაწერში სიახლე არაფერი ყოფილა. ისედაც ვიცოდით, რომ გუნდში იყო დაპირისპირება, თუმცა ერთ რამეს ვერ აცნობიერებენ – ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საააკაშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგეს, ერთი ფაქტია და მეორე არის ის, რომ სააკაშვილი უკვე წარსულია და მის სახელს ვერანაირი გამარჯვება ვერ დაუკავშირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია.
„ამაში ნელნელა რწუნდება თვითონ ის დიდი ბელადიც, რომელიც ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. ასევე რწმუნდება იმაში, რომ ციხეში ძალიან დიდი ხნით არის და ვერავინ ვერ დაიხსნის. საზოგადოება რომ ამაში დარწმუნდა, ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ ყოველდღიურად შაგრენის ტყავივით მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თუნდაც სასამართლოსთან აპროტესტებენ მის ციხეში ყოფნას. მხოლოდ რამდენიმე ათეული მხარდამჭერი დარჩა, რომელსაც სჯერა, რომ მათი ბელადის ციხიდან დახსნა შესაძლებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ვიდეოჩანაწერი „ქრონიკამ“ გაავრცელა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.