ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებაზე უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი აზრით, უკრაინასთან ომს რუსეთი აუცილებლად წააგებს. მეუფე იაკობის აზრით, “დიდი ბაქი-ბუქია” და შეიძლება რუსეთს ომი დააწყებინონ.
“შევთხოვ უფალს, დედა ღვთისას და წმინდა ნინოს, დააწყნაროს მსოფლიო, დააწყნაროს ისე, რომ უკრაინელ ხალხს ცუდი არაფერი არ შეხვდეს, იმიტომ, რომ თუ მაინც გაბედეს და შეუტიეს უკრაინას და ყველაფერი იქით მიდის, რომ თან აქეზებენ რუსეთს, ეტყობა ფიქრობენ, რომ რაღაც ნაბიჯს გადადგამს, ისეთს, რაც რუსეთს საბოლოო ჯამში ძალასაც წაართმევს იმიტომ, რომ არ უნდა დაივიწყონ რუსებმა ამერიკის და რუსეთის ჭიდილს როგორ უყურებენ ჩინელები – ორივე ვეფხვი ერთმანეთს ებრძოლება და მაიმუნი ზის ხეზე და უყურებს ორი ვეფხვის ჭიდილს. ესეც არ უნდა დაავიწყდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად წააგებს რუსეთი. უკრაინა შეიძლება ცოტა ხანი რაღაც ცუდი მომენტების წინაშე დადგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბოროტება ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს და ჯობია წესიერად ვიცხოვროთ და ჩვენც ქართველებმა მაგალითი უნდა გამოვიტანოთ.
არამგონია ახლა კიდე ახალი ძალიან დიდი ომი დაიწყოს იმიტომ, რომ ვინც ჩამოვთვალე, არცერთი უჭკუო არ არის, მიხვდებიან თუ რა ემუქრებათ და რა საშიშროების წინაშე არიან”, – თქვა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე დაძაბული მდგომარეობაა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.