პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ,- ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტმა (თადარიგის) ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა საქართველოში შეიქმნას ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო და საჰაერო ძალებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იყოს.
“ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ. პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც იტყვის, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.
ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესების მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესები საქართველოში დიდ ფულს ჩადებენ, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ. ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს”, – განაცხადა ჰოჯესმა.
გარდა ამისა, მან შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და აღნიშნა, რომ ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა.
“ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა – ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს… სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს”, – განაცხადა ჰოჯესმა.