“ვისურვებდი, რომ უკრაინისგან მაგალითი აეღო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც არ აანალიზებს გამოწვევებს”-ხათუნა ლაგაზიძე

თუ რუსეთი მიიერთებს დონეცკსა და ლუგანსკს, რა შეუშლის ხელს, რომ იგივე არ გააკეთოს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“? ამ მიმართულებით ოპოზიცია რას აკეთებს? ეს ქვეყანა მისი პასუხისმგებლობა არ არის?, – ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ერთ-ერთი გეგმა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა იყო. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ამის საშიშროება კვლავ არსებობს.

„ჩვენგან განსხვავებით, მოსკოვი სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარს ამუშავებდა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს იყო – დონეცკისა და ლუგანსკის ფაქტორის გამოყენებით უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების მიღწევა. ეს საშიშროება ისევ რჩება. გუშინ რუსეთის დუმაში მიიღეს კანონი დონეცკისა და ლუგანსკის მიერთების თაობაზე და თუკი რუსეთი მიიერთებს დონეცკსა და ლუგანსკს და ამას არ მოჰყვება სანქციები დასავლეთის მხრიდან, რა შეუშლის ხელს, რომ იგივე არ გააკეთოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით? ჩვენ ვფიქრობთ ამაზე? ხელისუფლებას შეგნებულად არ ვეხები, მაგრამ ოპოზიცია რას აკეთებს? ეს ქვეყანა მათი პასუხისმგებლობა არ არის? აბა, რისთვის ავირჩიო რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელსაც მინიმუმ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ხედვები არ აქვს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი განცხადებით, თუკი ვლადიმერ ზელენსკი სამხედრო ძალას პირველი გამოიყენებს, დასავლეთი მას განუდგება და რუსეთს ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება.

„პუტინის ინტერესშია უკრაინის გარშემო მუდმივი დაძაბულობის შექმნა, რათა ინვესტიციების ჩადინება ვერ მოხდეს, მუდმივი შიშის ქვეშ იყოს ეკონომიკა და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყოს უკრაინის საზოგადოება. საბოლო ჯამში, პუტინის მიზანია არშემდგარ სახელმწიფოდ აქციოს უკრაინა – ეს არის მისი უპირველესი ამოცანა და მას სურს ამ სახით უკვე ერთიან რუსულ სივრცეში შეიყვანოს. დავუშვათ, გაემარჯვა რუსეთს. 40-მილიონიან ქვეყანაში რამდენი ჯარი უნდა ჩაეტოვებინა, რომელიც იქ სტაბილურობას უზრუნველყოფდა? ძალიან ბევრ გამოწვევასთან იქნებოდა ეს დაკავშირებული.

უკრაინას უაღრესად ღირსეული, მამაცური და პატრიოტული პოზიცია ეჭირა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ოპოზიციამ შეძლო უპრეცედენტო გაერთიანება და ესეც ამ ერის სიცოცხლისუნარიანობაზე, სახელმწიფოებრიობაზე, სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ვისურვებდი, რომ უკრაინისგან ამის მაგალითი აეღო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც არ აანალიზებს იმ გამოწვევებს, რომ პირდაპირ და უშუალოდ დაემუქრება საქართველოს“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share