თურქეთის მთავრობამ საკვებ პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) მკვეთრად შეამცირა. Hürriyet-ის ცნობით, 14 თებერვლიდან გადასახადის განაკვეთი 8%-ის ნაცვლად, მხოლოდ 1%-ია.
დღგ-ს შემცირების ქვეშ მოექცა თითქმის ყველა პროდუქტი, როგორიც არის ბრინჯი, ბულგური და თხილი, ასევე, წყალი, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთები და ცხიმპროდუქტები, წითელი ხორცი, თეთრი ხორცი, თევზი, რძე, იოგურტი, ყველი, ზეთისხილი და მისგან დამზადებული პროდუქტები.
ამ სიაშია კვერცხიც, კარტოფილი, ხახვი, წიწაკა, პომიდორი, კიტრი, ხილი, კონსერვები, მწნილი, ტომატის პასტა, მურაბა, თაფლი, ბადაგი, ჰალვა, თხილის პასტა, შოკოლადი, რახათ-ლუხუმი, ორცხობილა, კრეკერი, ვაფლი, ნამცხვრები, ტორტები, ფახლავა, ვერმიშელი, ბურღული, თხილი, ნიგოზი, ფისტა, ნუში, მშრალი თხილის პროდუქტები, სუნელები და ბავშვთა საკვები.
მაგალითად, თუ 14 თებერვლამდე მარილი, ზეთი, მაკარონი, ფქვილი, ყველი და ჩაი 242 თურქული ლირა (17.75 დოლარი) ღირდა, ორშაბათს დილიდან იგივე პროდუქტები 14,5 ლირით (1.06 დოლარით) ნაკლებია და 227 ლირა (16.67 დოლარი) ღირს.
მთავრობამ ახალი ბრძანების აღსრულების გაკონტროლება უკვე დაიწყო. ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური პოლიციის განყოფილებები საცალო მაღაზიებს, ბაზრებსა და სხვა ობიექტებს ამოწმებენ, არის თუ არა დახლების ფასების ეტიკეტებზე და სავაჭრო ჩეკებზე ახალი ტარიფები ასახული. ისინი სავაჭრო ობიექტებზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ.
„ჩვენ ვამოწმებთ ფასების ეტიკეტებს დახლებზე, პროდუქციის ნიმუშებს ვიღებთ და ისინი მოლარესთან მიგვაქვს, რომ ვნახოთ, არის თუ არა სხვაობა დაწესებულ ფასსა და დახლზე ასახულ ფასს შორის,“ – აცხადებს სტამბოლის ბაჰჩელიევლერის რაიონის მუნიციპალური პოლიციის ოფიცერი, ჰალილ იბრაჰიმ ჩირაქი.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვინც ახალ ბრძანებას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.
„ამის შესახებ ვაჭრობის მინისტრმა, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმაც გააკეთეს საჭირო განცხადებები. ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფები. ვინც ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეეწინააღმდეგება, მკაცრი სასჯელი ემუქრება,“ – აცხადებს ერდოღანი.
სუპერმარკეტების დიდმა ქსელებმა განაცხადეს, რომ ფასები დღგ-ს ახალი განაკვეთის შესაბამისად შეამცირეს. მათი თქმით, ათასობით პროდუქტზე ფასები შეიცვალა. სურსათის საცალო მოვაჭრეთა ასოციაციამ განაცხადა, რომ დღგ-ს შემცირების შესახებ პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება თურქეთისთვის ინფლაციასთან ბრძლის ეფექტური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ეს უცხოურ ბაზრებზე თურქული სასურსათო პროდუქტების კონკურენტუნარიანობას ზრდის.
ბოლო მონაცემებით თურქეთში, იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები თვიური მაჩვენებლით 10,9%-ით, წლიურად კი 55,8% გაიზარდა. თავის მხრივ, სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 2021 წლის დეკემბერის 36,08%-დან იანვარში 48,69%-მდე გაიზარდა.
bpn.ge