“ჩვენ ყველა მათ მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, ჩვენი მთავრობის გარდა!”

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი და ახლა ქვეყანას ურთულესი დღეები უდგას, როგორია ბუბა კიკაბიძის მოლოდინი და განცდები? – ამ საკითხზე მომღერალმა  “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:

”არავინ ვიცით, რა იქნება, პუტინს თავში რა უდევს, მე ვერ გეტყვით… ომი არ უნდა იყოს! რუსეთი აუცილებლად წააგებს!

ამ თემაზე რომ უკრაინელებს ესაუბრო, ცოტა არ იყოს, სირცხვილია. თვითონაც საშინლად ნერვიულობენ და კიდევ აქედან რაღაზე უნდა ელაპარაკო?! ამიტომ ყველამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და ყველაფერი გამოჩნდება, რა როგორ იქნება!

მე ძალიან მიყვარს უკრაინელი ხალხი, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ჩვენი უახლოესი მეგობრები არიან. ჩვენ ყველა მათ მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც, ჩვენი მთავრობის გარდა!

საქართველოს მთავრობიდან არავითარი მხარდაჭერა არ ყოფილა, რადგან პუტინს უგორებენ კოჭს! ეს იმდენად აშკარად იგრძნობა, მთელი საქართველო ხვდება მაგას.

როგორც მოგახსენეთ, უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, პირადად ჩემი დამეგობრება ამ ქვეყანასთან ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. მე დიდ პატივს ვცემ უკრაინის პრეზიდენტს – ვოლოდიმირ ზელენსკის. განათლებული, ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცია! მის ხელში, მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება!

ზელენსკი ძალიან გაბედულიცაა… ამ შემთხვევაში გაბედვა-არგაბედვა არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. როდესაც შენს ქვეყანას გეცილებიან, ვალდებული ხარ, დაიცვა! ასეა ეს და ამიტომაც ვნახოთ, რა იქნება!” – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share