“დასავლეთი დღეს დარჩა იდეოლოგიური პრინციპების გარეშე და მისი ყველა მცდელობა, რომ განმუხტოს კრიზისი, იმპოტენტურია”

“ყველაზე ძლიერი დიპლომატი, ვისთანაც ურთიერთობა გქონიათ?” – “უკომენტაროდ და უსიტყვოდ ლავროვი” – ეს კომენტარი ფრანგული დიპლომატიური სკოლის ქართველ წარმომადგენელს ეკუთვნის. არის კი სერგეი ლავროვი დიპლომატი კლასიკური გაგებით? …
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისევე “მარტივია”, როგორც იმაზე, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს კლასიკური თვალსაზრისით რუსული და ჩინური ბიზნესი, ბიზნესს, თუ პარაკრიმინალურ საქმიანობას. ამ თემაზე დაფიქრებისას აღმოჩნდება, რომ ე.წ. თავისუფალმა სამყარომ საკუთარი პრინციპები ფულზე დაახურდავა მაშინ, როდესაც რუსულ-ჩინური პარაკრიმინალური ბიზნესი დასავლური ფინანსური სტრუქტურების განუყოფელი ნაწილი გახადა. ასე შექმნა დასავლეთმა მძლავრი, პათოლოგიური ჰიბრიდული მონსტრი, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად შეჭამს მის შემქმნელს, რომელსაც მანამ მყარ ფინანსურ საფუძველზე დაფუძნებული საკუთარი იდეოლოგიური პრინციპები იცავდა.
რეალური კონტექსტის აღქმის შეუძლებლობა – ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც დღეს მსოფლიო პირდაღებული უყურებს ტრაგიკომედიას თავხედი “ჯიბგირისა” და ინტელიგენტი “ჰალსტუხიანი პეპელას” მონაწილეობით.
რატომ მიდიან საქმის გასარჩევად ქურდთან განუვითარებელ საზოგადოებებში? მიდიან იმიტომ, რომ ქურდის პრიმიტიული ლოგიკა და ტერმინოლოგია მათთვის ადვილად გასაგები და ნაცნობია. სცადეთ და დახვეწილი სამართლებრივი ენა, ან თუნდაც ღირსეული, რაინდული პრინციპები გამოიყენოთ ქუჩის გარჩევებისას, მაშინვე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ქურდის ლოგიკას მხოლოდ მტკიცე ლოგიკა შეიძლება დაუპირისპირო, რომელიც ასევე მარტივად, გასაგებად და რაც მთავარია უშიშრად უნდა ჩამოაყალიბო.
ლავროვ-პუტინის ე.წ. დიპლომატიას არაფერი აქვს საერთო არც დიპლომატიასთან და არც კულტურასთან. ისინი იყენებენ მაჩოიზმის ყველაზე პრიმიტიულ ვერსიას, კრიმინალურ ფსიქოლოგიურ მანიპულირებას. ცინიზმი, აგრესია და უპატივცემულობა – ეს არის ის ხერხები, რომლებსაც მათი ე.წ. დიპლომატია ეყრდნობა. ამ “ენას” და მეთოდიკას არცერთი დასავლეთელი არ ფლობს; თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკას ჰყავდა ამ “ენის” კარგი მცოდნე ლიდერად.
ასე გააცამტვერა ლავროვმა სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელი ლიზ ტრასი, რომელიც უკანასკნელი ჰარიფივით გაბითურდა დიპლომატ-განაბთან. პუტინი ყველა თავის გამოსვლას მინსკის ხელშეკრულებაზე საუბრით იწყებს და ჯერაც არავინ გამოჩენილა დასავლეთიდან, რომელიც უხეშად შეაწყვეტინებს მას სიტყვას და ეტყვის, რომ მინსკამდე ბუდაპეშტი იყო, სადაც რუსეთმა ხელი მოაწერა უკრაინის საზღვრების გარანტორად ყოფნას ბირთვული იარაღის დათმობის შემთხვევაში. – ბუდაპეშტის ხელშეკრულება დარღვეულია თქვენს მიერ, მისტერ პუტინ, როცა ყირიმში შეხვედით; აღასრულეთ თქვენს მიერ აღებული ვალდებულება და მერე ვილაპარაკოთ მინსკზე -ეტყოდა მომზადებული დიპლომატი “ჯიბგირს”, მაგრამ …
დასავლეთი დღეს დარჩა იდეოლოგიური პრინციპების გარეშე და მისი ყველა მცდელობა, რომ განმუხტოს კრიზისი, იმპოტენტურია, მიუხედავად იმისა, რომ მის მხარეზეა რუსეთზე მრავალჯერ აღმატებული ფიზიკური ძალა. უპრინციპობა და არაადექვატურობა, ეს წარმოადგენს დღევანდელი “თავისუფალი სამყაროს” უძლურების მთავარ მიზეზს და სწორედ ამიტომ შეუძლია “ჯიბგირს” თავისი დღის რეჟიმით აცხოვროს მთელი მსოფლიო.” – წერს გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share