ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა თქვა, რომ ქალს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ოჯახური მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო მილში მოათავსა. უწყების მთავარი მოწმე ხელოსანია, რომელმაც ახალშობილის ცხედარი საკანალიზაციო მილში იპოვა.
ერთ-ერთი ვერსიით ოჯახი ჩვილის გაშვილებას გეგმავდა, თუმცა ნაადრევმა მშობიარობამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ჩვილი ფოთში 14 თებერვალს იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ახალშობილის დედა დააკავა.