რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, წუხელ პირველი ჩვენებები მისცეს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავების მფრინავებმა.
გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა მიიღეს რუკები, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე შეტევა და უკრაინული ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავიდანვე დაიგეგმა.
„ისინი ოდესის დასაბომბად ემზადებიან. რუსები ყოველთვის ჩადიოდნენ ოდესაში, იქ მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ. ახლა კი რა? ოდესის წინააღმდეგ ბომბები, არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება სამხედრო დანაშაული. ეს იქნება ისტორიული დანაშაული“, – განაცხადა ზელენსკიმ.