“მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლო და პუტინის პირადი პატიმარი” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა ქართველისთვის რუსეთთან წინააღმდეგობის სიმბოლოა და ის საქართველოს ხელისუფლებისგან ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს.
საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან მიხეილ საკააშვილი ყველა ქართველისთვის რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგობის სიმბოლოა. ის პუტინის პირადი პატიმარია და რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს შიდა მდგომარეობასა და ურთიერთობებზე საქართველოში, – ამბობს ფოტიგა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენი ქართულმა სასამართლომ მაშინ გამოიტანა, როდესაც ის საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა – “ეს მისი უფლებების დარღვევაა, ასევე მოქალაქისა და ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს, რა თქმა უნდა, შეკითხვებს იწვევს”.
ფოტიგა ამბობს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგად ისტორიაში. “ის საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გლობალურ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა”.
თქვენ და უკრაინა პირდაპირ ხართ იმ კარში, რომელსაც ამტვრევს რუსეთი. იმიტომ რომ ხელი შეუშალოს თქვენს კოლექტიურ მიმართულებას დასავლეთისადმი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ეპყრობოდნენ ღირსეულად, ის ქართველებისგან იმსახურებს ასეთ მოპყრობას. არ მსურს ქართველების დამოძღვრა, მაგრამ იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მაქვს, მე ძალიან ბევრი ქართველი მეთანხმება და ძალიან შეწუხებული და შეშფოთებულები არიან და არ ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას და თვლიან რომ მას აქვს უფლება თავისუფალი იყოს თავის ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან სუსტი ბრალდებების ფონზე და ძალიან რთულია ამის ახსნა გარე დამკვირვებლებისთვის, რატომ არის ეს ადამიანი პატიმრობაში, – ამბობს ფოტიგა.