უკრაინასთან ომში დიდი რუსეთის დასახმარებლად ზარ-ზეიმით წასული და ავტოსტოპით უკან გამოქცეული 300 „ცხინვალელის“ საოცარი თავგადასავალი

თუკი 300 სპარტელი მებრძოლის საგმირო საქმეებს მსოფლიო ისტორია ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან იცნობს, ჩვენი წელთაღრიცხვით 21-ე საუკუნეში მას 300 „ცხინვალელის“ – რუსეთის არმიის ოსი კონტრაქტორების უკრაინის ომში ზარ-ზეიმით გაცილებისა და უკან სამარცხვინოდ გამოქცევის ამბავიც მიემატება.

ყველაფერი 16 მარტის საღამოს დაიწყო, როდესაც რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექნიკის კოლონა როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზისკენ გაემართა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად.

ათი დღის შემდეგ, 26 მარტს, ისევ ცხინვალიდან ოსი სეპარატისტების სამფეროვანი დროშების ფრიალითა და ლუდით დალოცვით ოსების ჯგუფმაც დიდი ზარ-ზეიმით უკრაინისკენ აიღო გეზი რუსი სამხედროების დასახმარებლად…

მაგრამ გადის სამი დღე და 300-მდე ოსი მებრძოლი სახლში ავტოსტოპით ბრუნდება… ჩუმად… თუმცა უკრაინის ომიდან გამოქცევა მთლად ჩუმად არ გამოუვიდათ – ჯერ ცხინვალში ახლობლებს მესიჯებს უგზავნიდნენ, რუსებმა გაგვწირეს და საზარბაზნე ხორცად ჩამოგვიყვანეს უკრაინაში საბრძოლველადო, მერე რუს გენერალს აუჯანყდნენ, არ ვიომებთ, სახლში გაგვიშვითო და საწადელსაც მიაღწიეს – რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობამ ეს სამასამდე ოსი „მებრძოლი“ უკრაინიდან გამოიყვანა, ოღონდ სატვირთო მანქანებიდან როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან ჩამოყარა, სახლისკენ გზას თავად გაიგნებთო და მათაც ავტოსტოპით მოუწიათ ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუნებამ. ზარ-ზეიმითა და ლუდის მდინარეებით აღარავინ დახვედრიათ, თუმცა მაინც ყველას უხაროდა, რაკი უკრაინის ომის ხორცსაკეპს თავი დააღწიეს, თუნდაც ომიდან სამარცხვინოდ გამოქცევითა და იმ რუსეთის მიტოვებით, რომელსაც ოს სეპარატისტთა ლიდერები საქართველოს შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილის მიერთებას ეხვეწებიან.
samx4-1649014901.jpg
ოსი სეპარატისტები დროშების ფრიალით და ზარ-ზეიმით მიემართებიან უკრაინაში რუსეთის არმიის დასახმარებლად

ფოტო: იგივე ოსები, სამი დღის შემდეგ, უკვე უკრაინის ომიდან გამოქცეულები, როკის გვირაბის ჩრდილოეთპორტალიდან ავტოსტოპით ბრუნდებიან ცხინვალში.

ამ საინტერესო ისტორიაში უფრო უცნაური, იცით, რა არის? ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გაყვანილ ოსი ეროვნების ასობით შეიარაღებულ პირს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით სამსახურის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და ბევრ მათგანს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტიც აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსკოვმა ასეთი „მოკავშირეების“ ფრონტის ხაზიდან გამოქცევაზე თვალის დახუჭვა ამჯობინა, თუმცა ეს კონტრაქტორებს რომელიმე რუსული ოლქიდან რომ გაებედათ, ახლა, ალბათ, უკვე ციხეში ისხდებოდნენ.

რუსეთ-უკრაინის ომში ცხინვალელი ოსების „საგმირო“ საქმეებთან დაკავშირებით ერთი დეტალი გვახსენდება: აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ ოსი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი ომახიანად აცხადებდა, ქართველები ჩვენ, ოსებმა გავრეკეთ ცხინვალიდან და ომის ბედიც გადავწყვიტეთ, რუსეთის არმია კი მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდაო.

ოსების უმადურობა და ომში მიტოვება რუსეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის შესაფასებელია. თვითონ გადაწყვიტონ, უნდათ კი ასეთი „მოკავშირე, ან თავად სეპარატისტები რას იზამენ, როდესაც უკრაინასთან ასეთ ურთულეს ომში ჩაბმული რუსეთი, რომლის ეკონომიკასაც დასავლური სანქციები ყოველდღიურად „ხრავს, ყოველწლიურ მრავალმილიონიან დახმარებას მნიშვნელოვნად შეუმცირებს ან საერთოდ შეუწყვეტს მის კისერზე ჩამოკიდებულ ცხინვალსა და სოხუმს? ან იქნებ ოსი სეპარატისტების დღევანდელი ლიდერი, რომელსაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოადგა, იმიტომ ლაპარაკობს„რეფერენდუმის“ ჩატარებაზე, რომ უნდა, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება მოასწროს, რათა სულ უფულოდ და უსკამოდ არ დარჩეს?!უკრაინაში ცხვირწატეხილი პუტინი ასე მალე უკან არ დაიხევს და საბრძოლო მოქმედებები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა, ამავე დროს, საგრძნობლად გაუარესდება რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობა, რაც უარყოფითად აისახება რუსეთის ხელის შემყურე კადიროვის ჩეჩნეთზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რისთვისაც საქართველო ყველანაირად მზად უნდა იყოს!

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share