რაც დრო გადის, სულ უფრო მძიმე და შემაძრწუნებელი ამბები ვრცელდება რუსული საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ქალაქებიდან. ახლა, გამომძიებლები, ადამიანის უფლებების დამცველები, ამ ამბებს კონკრეტულად მსხვერპლებისგან ან უშუალო თვითმხილველებისგან ისმენენ, იწერენ და აგროვებენ.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი კიევის ოლქის პატარა ქალაქებში 20-ზე მეტ ადამიანს პირისპირ, საველე კვლევისას ელაპარაკა.
ომის მსხვერპლთა რამდენიმე ამბავი Amnesty International-მა 7 აპრილს გამოაქვეყნა.
„უკანასკნელად რომ ამოისუნთქა, მივუტრიალდი ჩვენს შვილს და ვუთხარი, მგონი, მამა მოკვდა“
46 წლის ქალი, სოფელ ბოგდანოვკიდან ყვება, რომ რუსული არმია მათ სოფელში 7 ან 8 მარტს შევიდა. ტანკები სოფლის ქუჩებში დააყენეს.
9 მარტის საღამოს, ქალმა, რომელიც 10 წლის შვილთან, ქმართან და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა, სახლის ფანჯრებთან სროლის ხმა გაიგო. ქალმა და მისმა ქმარმა დაიყვირეს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და არ ჰქონდათ იარაღი. ორმა რუსმა ჯარისკაცმა ცოლ-ქმარი და მათი 10 წლის გოგო სახლის ე.წ. საქვაბე ოთახში შეყარეს:
„დაახლოებით ერთ წუთში შემოაღეს კარი და ჩემ ქმარს უთხრეს, სიგარეტი მოგვეციო. ჩემმა ქმარმა უთხრა, სიგარეტი რამდენიმე კვირაა არ მომიწევიაო. ერთ-ერთმა იარაღი ესროლა მარჯვენა მკლავში. მეორემ უთხრა, „მოკალი“ და პირდაპირ თავში ესროლეს ტყვია. მაშინვე არ მომკვდარა. საღამოს ათის ნახევრიდან გამთენიის 4 საათამდე ისევ სუნთქავდა, მაგრამ გონზე არ იყო. ვეხვეწებოდი, თუ გესმის ჩემი, გთხოვ, თითით მანიშნე-მეთქი. თითი არ გაუნძრევია, მისი თავი მედო მუხლებზე და ჭრილობას ხელს ვაჭერდი. სისხლი მოსდიოდა შეუჩერებლად. როცა უკანასკნელად ამოისუნთქა, მივუტრიალდი ჩვენს შვილს და ვუთხარი, მგონი, მამა მოკვდა“.
46 წლის ქალმა და მისმა 10 წლის გოგომ, ბოგდანოვკა იმავე დღეს, გვიან დატოვეს. 81 წლის დედამთილის წაყვანა ვერ მოხერხდა. ქალს გადაადგილება არ შეეძლო.
„მამაჩემს ზურგში ექვსი დიდი ნახვრეტი ჰქონდა, დედას ერთი და პატარა“
3 მარტს, 18 წლის კატერინა ტკაჩოვა სოფელ ვორცელში, მშობლებთან ერთად იყო სახლში, როდესაც მათ სოფელში „Z“ ასოთი დანიშნული რუსული შეიარაღებული ძალების რამდენიმე ტანკი შევიდა.
კატერინას დედა, ნატალია და მამა, ვალერი, სარდაფიდან გავიდნენ და კატერინას უთხრეს, დარჩენილიყო სარდაფში და არავითარ შემთვევაში არ გაეხედა გარეთ. ცოტა ხანში კატერინამ სროლის ხმა გაიგო:
„როცა ტანკებმა ჩაიარეს, გამოვვარდი გარეთ და მეზობლის ღობისკენ გავიქეცი. გადავიხედე ღობეზე და დავინახე დედა მიწაზე გვერდულად, მამა კი პირქვე ეგდო. მამას ქურთუკზე უშველებელი ხვრელები დავინახე. მეორე დღეს მივედი მათთან. მამას ზურგზე ექვსი უშველებელი ხვრელი ჰქონდა. დედას ერთი და პატარა, მკერდში“.
„როგორც კი შეგვამჩნიეს, მაშინვე ცეცხლი გაგვიხსნეს“
გოსტომელის ოკუპაციის პირველ დღეებში, ტარას კუზმაკი თავშესაფრებს ამარაგებდა საკვებითა და მედიკამენტებით.
3 მარტს, დღის 2 საათისთვის, როდესაც ქალაქის მერთან, იური პრილიპკოსთან და კიდევ ორ კაცთან ერთად საკვების დასარიგებლად იყო გასული, მის ავტომობილს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთი მგზავრი, ივან ზორია, ქალაქის მერი დაიჭრა, ტარას კუზმაკი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი გადარჩენილი მგზავრი კი რამდენიმე საათის განმავლობაში იმალებოდნენ მანქანის შორიახლოს:
„როგორც კი შეგვამჩნიეს, მაშინვე ცეცხლი გახსნეს. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. მესმოდა მერის ხმა, ვიცოდი, რომ დაჭრილი იყო, მაგრამ არ ვიცოდი, მისი ჭრილობა სასიკვდილო იყო თუ არა. ვუთხარი, ეცადა, რომ არ განძრეულიყო. დაახლოებით საათნახევარში ისევ გვესროლეს. მივხვდი, რომ მერი უკვე მკვდარი იყო. მისი ბოლო ამოსუნთქვის ხმა გავიგე. ჩვენთან ერთად მყოფ მეორე მგზავრს, ივან ზორიას, თავი აღარ ჰქონდა. რაღაც მაღალი კალიბრის იარაღს იყენებდნენ, როგორც ჩანს“.
ომის დანაშაულის სხვა ფაქტები
Amnesty International-მა შეაგროვა რუსული არმიის მიერ სავარაუდო ომის დანაშაულის სხვა ფაქტებიც. მათ შორის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტები.
კიევის აღმოსავლეთით მდებარე სოფელში, ახალგაზრდა ქალმა უთხრა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ 9 მარტს, მასთან სახლში შევიდა ორი რუსი ჯარისკაცი, მოკლეს მისი ქმარი და იარაღის მუქარით, რამდენჯერმე გააუპატიურეს. ქალის მცირეწლოვანი შვილი კი იქვე, ე.წ. საქვაბე ოთახში იმალებოდა. ქალმა სოფლიდან გაქცევა მოახერხა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა შვილთან ერთად.
24 წლის მილენა ბუჩიდან, Amnesty International-ს უყვება, რომ სახლთან ახლოს ნახა მეზობელი ქალის ცხედარი. ქალის დედამ მილენას უთხრა, რომ მისი შვილი რუსული სამხედრო მანქანიდან გასროლით მოკლეს.
რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრიდან მალევე, გოსტომელის დატოვება მოახერხეს ვოლოდიმირ ზახლიუპანიმ და მისმა ცოლმა. თუმცა, ქალაქში დარჩა მათი 39 წლის შვილი, სერჰი. ისინი ყოველ დღე ლაპარაკობდნენ ტელეფონით, სერჰი უყვებოდა მშობლებს, რომ ქალაქში მძიმე ბრძოლები მიდიოდა. 4 მარტს ვოლოდიმერმა ვეღარ მოახერხა შვილთან დაკავშირება. ვოლოდიმერის ნაცნობებმა, რომლებიც გოსტომელში დარჩნენ, სერჰის ძებნა დაიწყეს. მივიდნენ იმ თავშესაფარში, სადაც ახალგაზრდა კაცი ბოლო დღეებში იმყოფებოდა.
„მეზობლებმა უთხრეს, რომ 13 მარტს, რუსმა სამხედროებმა ჩემი შვილი გაიყვანეს სარდაფიდან, რომელიც უკან აღარ დაბრუნდა და როდესაც ისინი სერჰის მოსაძებნად გავიდნენ, იპოვეს იქვე, გარაჟებთან, მოკლული. ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი”, – უყვება ვოლოდიმერი Amnesty International-ს
ომის დანაშაულის ფაქტებს აგროვებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში კიდევ ერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Right Watch. რამდენიმე დღის წინ, მათ მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში, დეტალურად აღწერენ მსხვერპლები და თვითმხილველები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულის ფაქტებს.
რადიო თავისუფლება