“ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის დინამიკა შემცირებისკენ მიდის. დღეს 222 ახალი შემთხვევა გვაქვს და სამწუხაროდ, 1 გარდაცვალება. დადებითობის მაჩვენებელი, დიდი ხნის განმავლობაში დღეს პირველად ჩამოსცდა 1%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა პარასკევს 23 ათასამდე იყო, დადებითობის მაჩვენებლი 1%-ზე დაბალი გვაქვს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდვითარება სტაბილურია. რა თქმა უნდა, ეს ჯერ გათამამების უფლებას არ გვაძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პოზიტიურია დინამიკა, მაინც არის ქვეყნები და რეგიონები, სადაც შემთხვევების მატება აღინიშნება. მაგალითად, აშშ-ს რიგ შტატებში. იცით, რომ არასახარბიელო ვითარებაა სამხრეთ ჩინეთში, კერძოდ, შანხაის რეგიონში, ასევე გარკვეული სერიოზული მატება იყო სამხრეთ კორეაშიც, თუმცა იქაც სტაბილურობისკენ წავიდა ვითარება. იქ, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, მოგეხსენებათ, რომ „ომიკრონის“ შტამის გამო სიკვდილიანობა ყველგან შემცირებულია. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მილიონის ფარგლებშია. ეს რაოდენობა არ ყოფილა სხვა შტამების ცირკულაციის დროს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდვითარება ჩვენთან სტაბილურია, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ ძალიან გავთამამდეთ.
რიგი რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, პირბადე დახურულ სივრცეში, ასევე აცრა და „ბუსტერი“. „ბუსტერი“ გვაქვს 8.6 %-ის ფარგლებში, რაც არ არის სახარბიელო მაჩვენებელი. თუ გვინდა, რომ სტაბილური ვითარება ხანგრძლივად შევინარჩუნოთ, მაშინ აუცილებელია სამიზნე მაჩვენებლებზე ავიდეთ. „ბუსტერი“ პირს იცავს, როგორც ფატალური შემთხვევისგან, ისე მძიმე მიმდინარეობისგან“,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.