მოვუწოდეთ ჩვენს კოლეგებს, შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, შესაძლებლობა აქვს ქართველ კოლეგასთან ერთად განიხილოს ორი ქვეყნის მომავალი კურსი, რომელიც „ევროპულ პერსპექტივებზეა დამოკიდებული“.
„განსაკუთრებული პატივია, რომ ვმასპინძლობ საქართველოდან საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. მოხარული ვარ, რომ ბატონი შალვა პაპუაშვილი დაგვთანხმდა, დელეგაციით აქ ჩამოსულიყო. გვქონდა შესაძლებლობა, რიგ საკითხებზე გვესაუბრა. მხედველობაში მაქვს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ დებსა და ძმებს, რომლებმაც ომის გამო წამოსულ ათასობით უკრაინელს საცხოვრებელი მისცეს. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ქართველი კოლეგების მიმართ მათი მუდმივი მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და მხარდაჭერისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მათ, რომ ხმას აძლევენ ჩვენს სასარგებლოდ. ასევე მოვუწოდეთ ჩვენ კოლეგებს, შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს.
მსურს, ქედი მოვიხარო უკრაინის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების პატივისცემის ნიშნად. შესაძლებლობა მაქვს, ქართველ კოლეგასთან ერთად განვიხილო ორი ქვეყნის მომავალი რუსულ აგრესიაზე გამარჯვების შემდეგ. ეს კურსი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ჩვენს სურვილებსა და ევროპულ პერსპექტივებზე. ეს არის უნიკალური შანსი როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსა და მოლდოვისთვის“,- განაცხადა სტეფანჩუკმა, რომლის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.