აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული უკრაინის ომის საკითხს და ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ეფექტს, სოციალურ ქსელში აფასებს:
“უკრაინამ უკვე უამრავი რამ შეცვალა მსოფლიოში და კიდევ ბევრ რამეს შეცვლის, როგორც ჩანს. ეს რამდენიმე დღეა CNN-მა აქტიურად დაიწყო საუბარი გაერო-ს აბსურდულობაზე. ახლა გაახსენდათ, რომ უშიშროების საბჭო თურმე სტალინის დიზაინით ყოფილა შექმნილი და რომ ამ ყოვლად უმაქნისი და უსარგებლო საბჭოდან შეუძლებელია რომელიმე წევრისათვის მოქმედების შეჩერება, რადგან ყველას ჩამოურთმევლად აქვს ვეტოს უფლება.
უშიშროების საბჭოს არცერთი წევრი არ დათმობს თავის უფლებებს და არ გავა საბჭოდან- განაცხადა ჯონ ბოლტონმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოს დიზაინიც ვერ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახით მისი არსებობის გაგრძელება სრული უაზრობაა. -რა საჭიროა მაშინ ეს საბჭო?- მართებული შეკითხვა დასვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
და მართლაც, რა საჭიროა ეს ორგანიზაცია?
ცხადია უნდა არსებობდეს რაღაც გაერთიანება, რომელიც მთელ მსოფლიოში მოახდენს მოქმედებათა კოორდინაციას მასშტაბური პრობლემების გადასაწყვეტად, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი, ქმედითი ორგანიზაცია, დინამიკური, არადოგმატური წესდებით, რომელსაც მოდერნიზებისა და ადაპტაციის მუდმივი შესაძლებლობა ექნება.
კორონა-პანდემიამ აჩვენა თუ რამდენად „ქმედითი და ეფექტურია“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავისი ექსპერტებიანად. ბრექსიტმა აჩვენა, თუ რამდენად მოქნილი გახადა თავისუფლებამ დიდი ბრიტანეთი, რომელიც მიუხედავად არაერთი პროგნოზისა, სრულებითაც არ დაშლილა მარტივ მამრავლებად.
-რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს – ღაღადებს ფრთიანი რომაული სიბრძნე. ასეა. პრეზიდენტი ზელენსკი ამჟამად იუპიტერია. იცის ეს CNN-მა და ხარივით ვერ მოექცევა. მსოფლიოს უკრაინასთან ერთად ძალიან გაუმართლა, რომ ეს ერთი შეხედვით მორიდებული კაცი სტრესულმა სიტუაციამ უკომპრომისო, პრინციპულ ადამიანად წარმოაჩინა. -მე არ მჭირდება გამცილებლები, მე მჭირდება იარაღი!- ასე დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი „იუპიტერული“ რიტორიკის შესავალი და ზუსტად იმავე ტონით აგრძელებს.
ვნახოთ …”,- წერს გურული.