შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მიზანია მიხეილ სააკაშვილის „ნებისმიერი გზით გამოხსნა“ ციხიდან, რისთვისაც „ყველა ნაბიჯზე წავლენ და ყველანაირი სპეკულაცია იქნება გამოყენებული“.
„რა პირად ექიმს არ უშვებენ? – სახალხო დამცველის მთელი კონსილიუმი შეუშვეს. ამას გააკეთებ, სხვა რამე აღმოჩნდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერი არის დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა, აქ მიზანი არის ერთი, მათთვის მარტივი, რომ ნებისმიერი გზით ის გარეთ უნდა გამოიხსნან. ყველა ნაბიჯზე წავლენ, ყველანაირი თვითდაზიანება, სპეკულაცია იქნება ამისთვის გამოყენებული. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რასაც არავინ იხსნის ამ ადამიანის მდგომარეობაზე, მათ შორის მისი უფლებების დაცვაზე.
მივდივართ აბსურდამდე, „სააკაშვილს პუტინის დავალებით ვკლავთ,“ იმის გამო, რომ არგუმენტები, საღი ლოგიკა და ჯაჭვი აღარ ჰყოფნით, სიურეალისტური კავშირების დამყარება იწყება. ბასტი-ბუბუში გადავდივართ უკვე, სხვა შეფასება არ აქვს.
თვითდაზიანების მიზანი რა არის?! ის, რომ აარიდოს სასჯელს თავი, დროზე ადრე გათავისუფლდეს, სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს და ა.შ. სააკაშვილი ახლა თვითდაზიანების სისტემაში არის გადასული. თქვენ გინახავთ, ერთხელ მაინც, ამ ექიმებმა ან სახალხო დამცველმა მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, რომ ის დაექვემდებაროს ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობას?!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.