სადაა ყველაზე მაღალი ხელფასები და რომელ ადგილზეა საქართველო საერთაშორისო რეიტინგში?

მაღალი ყოველთვიური შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სახელმწიფოს, მისი მოსახლეობისა და მთავრობის წარმატების შესაფასებლად, შესაძლოა, გარკვეულწილად აღნიშნული მაჩვენებელი იქნეს გამოყენებული.

მსოფლიოს მასშტაბით, საშუალო შემოსავლისა და ხელფასის განსაზღვრის განსხვავებული მეთოდები არსებობს, ზოგიერთი ქვეყნის სტატისტიკის სამსახური გამოთვლისას მედიანურ მონაცემებს იყენებს, ზოგიც – საშუალოს.

სტატისტიკური მონაცემების გამოთვლის განსხვავებული მეთოდების მიუხედავად, უკვე წლებია, რაც ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებლით შვეიცარია, დანია, ლუქსემბურგი, ისლანდია და ნორვეგია გამოირჩევიან – ამ ქვეყნებში ხელფასები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 5 300 – 6 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შედარებისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მაჩვენებელმა 1463 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით, 482 დოლარია.

მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკის სამსახურების მიერ წარდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით შემდგარი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, საქართველო თვიური საშუალო ხელფასის მაჩვენებლით მსოფლიოში 61-ე ადგილს იკავებს – მისი მსგავსი შედეგები კი მოლდოვას, ბრაზილიას, უკრაინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს აქვთ.

გასათვალისწინებელია, რომ მოცემული რეიტინგი არ ითვალისწინებს ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოებს და აფრიკისა თუ აზიის რიგ ქვეყნებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საშუალო თვიური ხელფასი სრულად არ აღწერს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან ის არ ითვალისწინებს არადეკლარირებულ შემოსავლებს და ინდივიდუალურ მეწარმეთა საქმიანობას, რაც განვითარებადი სახელმწიფოების დიდი ნაწილისთვის ეკონომიკის მამოძრავებელი ძირითადი ფაქტორებია.

https://bm.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share