როგორ შეუძლია სკოლას პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებთან გამკლავება

პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები  სწავლის ყველა საფეხურზე და ყველა საგანში გვხვდება. თუმცა დარგის სპეციალისტებს პრობლემის ნიუანსებზე საუბარი უჭირთ, ვინაიდან არ არსებობს ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც ქვეყანაში სასწავლო დანაკარგებს შეაფასებდა.

„როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო დანაკარგის შეფასებაზე, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იყო მანამდე, პანდემიამდე, ამისათვის უნდა არსებობდეს ეროვნული, ფართომასშტაბიანი კვლევები, რომლის საფუძველზეც პანდემიის შემდგომ ჩავატარებთ ამავე ტიპის კვლევას და ამ ორ კვლევას ერთმანეთს შევადარებთ. სწორედ ამის შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ დაზუსტებით სასწავლო დანაკლისზე“, – უთხრა „პუბლიკას“ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენელმა, მანანა რატიანმა და განმარტა, რომ ქვეყნებს, საქართველოს მსგავსად, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი შინაარსის საბაზისო მონაცემები, ძალიან უჭირთ კონკრეტულ სასწავლო დანაკარგებზე საუბარი. ამ შემთხვევაში დარგის სპეციალისტები ეყრდნობიან სკოლების ინდივიდუალურ გამოცდილებას, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების ნაამბობს, დაკვირვებას კონკრეტული კლასის მაგალითზე – თუ რა სირთულეებს წააწყდნენ და რა ტიპის სასწავლო დანაკარგები დატოვა პანდემიის პირობებში სწავლებამ.

„აპრიორი უნდა მივიღოთ, რომ დანაკარგები არის და დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დანაკარგები დავძლიოთ… დღეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც გვეტყვის სტანდარტთან მიმართებაში, სად არიან მოსწავლეები, მაგრამ დანაკარგზე და მის სიზუსტეზე საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება“.

სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მანანა რატიანი გვეუბნება, რომ სასწავლო დანაკარგებზე საუბრისას, ძირითადად ყურადრება გამახვილებულია მაღალი სააზროვნო უნარებისკენ, მსჯელობისკენ, არგუმენტირებისკენ და წერითი კომუნიკაციისკენ მიმართული კომპეტენციების განვითარებაზე. მეორე მხრივ, მოსწავლის დამოუკიდებლად, ორგანიზებულად სწავლის კომპეტენციის განვითარებაზე, რაც თავის მხრივ კლასის მართვას უშლის ხელს და შემდგომ უკვე მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე აისახება.

მანანა რატიანი ამბობს, რომ საერთაშორისო კვლევები ცალსახად მიუთითებს, რომ თუკი დაწყებით საფეხურზე დროულად არ მიექცევა ყურადღება საბაზისო უნარების განვითარებას და არ მოხდება სასწავლო დანაკარგის შემსუბუქება, ეს მოსწავლეების აკადემიურ ჩამორჩენის წინაპირობა გახდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ითარგმნება, როგორც ქვეყნისთვის ფინანსური და ეკონომიკური დანაკარგები.

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მანანა რატიანი სასწავლო დანაკარგების შემსუბუქების ინტერვენციის სამი ძირითადი გზის შესახებ საუბრობს:

პირველი – ეს არის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ინტერაქციის პერიოდის გაზრდა, სადაც იგულისხმება სწავლა-სწავლების პროცესის გახანგრძლივება. ეს შეიძლება იყოს საგაკვეთილო დღეების რაოდენობა, დამატებითი კლასგარეშე საზაფხულო კლუბები, დამატებითი ექსტრა-კურიკულუმები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობას გაახანგრძლივებს.

მეორე ნაწილი რეკომენდაციებისა და სტრატეგიებისა ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებაზე, ადაპტაციაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს იმ კონკრეტული თემებისა და კომპეტენციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომლებიც მასწავლებლის მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც პრობლემა და საკვანძო მნიშვნელობისაა სწავლა-სწავლების პროცესში.

მესამე – მასწავლებლების გადამზადება, პროფესიული განვითარება და მასწავლებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ იმოქმედონ საკლასო ოთახში საკლასო დანაკარგის შემსუბუქების პირობებში. რაც თავის მხრივ გულისხმობს, კომპეტენციას, როგორ აღმოაჩინოს მასწავლებელმა სასწავლო დანაკარგი, რა ტიპის დავალებები ან აქტივობები შეიძლება შეასრულებინოს მოსწავლეებს, რომ საკლასო დონეზე ეს დანაკარგი აღმოიფხვრას.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2022 წლის სექტემბერში ახალი სასწავლო წლის დაწყებისას იმისათვის, რომ არსებული სასწავლო დანაკარგები აღმოიფხვრას? – სწორედ ამ საკითხის გარშემო მსჯელობას დაეთმო მიმდინარე თვის დასაწყისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში შედგა სამუშაო ჯგუფი, სადაც პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან ერთად, განათლების სამინისტრო, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, იუნისეფი და „განათლების კოალიცია“ სკოლებისთვის სასწავლო დანაკარგების შემსუბუქებისთვის ინტერვენციის გზებს ერთობლივად შეიმუშავებენ.

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ყველა სკოლას ერთნაირად შეეხო პანდემია, იმიტომ, რომ სხვადასხვა ხანგრძლივობით იყო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე. ინდივიდუალურ დოენეზე სკოლებს აქვთ მონაცემები – უშუალოდ რამდენი მოსწავლე ვერ ახერხებდა  დისტანციურ სწავლებაზე დასწრებას. მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საბაზისო კომპერენციების განვითარებისას რა სირთულეებს წააწყდნენ პედაგოგები, რა შედეგზე გავიდნენ და ა.შ.

აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ერთიანი რეცეპტი, რომელიც იქნება ყველასათვის მისაღები და საქართველოს ყველა სკოლაზე მორგებული, ძალიან რთული შესამუშავებელი იქნება. ამიტომ ჯერ კონკრეტულ რეკომენდაციებზე საუბარს მოვერიდებოდი. აქ უნდა იყოს შეთავაზებული რაღაც მრავალფეროვანი საშუალებები, ინსტრუმენტები, რომლითაც სკოლები სექტემბრისათვის იხელმძღვანელებენ“,- ამბობს მანანა რატიანი და განმარტავს, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა კარგი დასაწყისია ამ თემაზე ღია საუბრისთვის, პრობლემების სწორად იდენტიფიცირება კი სკოლებს მათი მოგვარების ეფექტური გზების პოვნაში დაეხმარება.

„დაწყებითი საფეხურის   მოსწავლეებმა ვერ შეძლეს სრულყოფილად ასოების შესწავლა ქართულსა და ინგლისურში, ასევე რიცხვების ცნობა და მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება“ – რა აჩვენა კვლევამ

კონფერენციაზე სასწავლო დანაკარგებთან დაკავშირებით არსებული მონაცემების გაანალიზებისთვის, განხილული იყო „განათლების კოალიციის“ მიერ გასულ წელს მომზადებული ანგარიში, რომელიც covid 19-ის სასკოლო განათლებაზე გავლენას შეეხებოდა. კვლევამ, რომელშიც ფოკუსჯგუფებისა და პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში 100-მდე რესპონდენტი მონაწილეობდა, გარკვეული ტენდენციები გამოავლინა, თუმცა ავტორები იმთავითვე აღნიშნავდნენ, რომ სასწავლო დანაკარგების  აღმოფხვრისთვის ეფექტიანი და თანმიმდევრული ნაბიჯების დასაგეგმად, საჭირო იყო სახელმწიფოს უფრო დეტალურად შეეფასებინა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში არსებული ვითარება.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე, ყველა საგნობრივ ჯგუფში, თუმცა კვლევის რესპონდენტების მიერ საგნობრივ ჭრილში აღქმული სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალი მათემატიკაშია.

აქვე ვკითხულობთ, რომ სასწავლო დროის დანაკარგის თვალსაზრისით, თითქმის 1.5-2-ჯერ, ცალკეული საგნების შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტად შემცირდა საკონტაქტო საათების რაოდენობა სწავლა-სწავლების პროცესში, რამაც გააღრმავა საგნობრივი და გამჭოლი კომპეტენციების მხრივ სასწავლო ჩამორჩენა. ამასთან, ონლაინსწავლების დროს ხშირი იყო ტრადიციული სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში უცვლელად გადმოტანის შემთხვევები, რაც საკონტაქტო საათების შემცირებასთან ერთად უარყოფითად აისახა მოსწავლეების დისციპლინაზე, მოტივაციასა და დამოუკიდებლად სწავლის უნარზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასწავლო დანაკარგი უთანასწოროდ ნაწილდება და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ზიანი გაცილებით მაღალია. უფრო მეტიც, აქვე ვკითხულობთ, რომ  სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა გაცილებით ნაკლებეფექტიანი იყო მოწყვლადი ჯგუფებისათვის – სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის (განსაკუთრებით აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

აქვე ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, რომ:

  • საშუალო მოსწრების მოსწავლეების შეფასებები, სავარაუდოდ, გაუარესდა, ხოლო დაბალი მოსწრების მოსწავლეების შედეგები არ შეცვლილა ან ცალკეულ შემთხვევებში მცირედით გაუმჯობესდა.
  • დაწყებითი საფეხურის   მოსწავლეებმა ვერ შეძლეს სრულყოფილად ასოების შესწავლა ქართულსა და ინგლისურში, ასევე რიცხვების ცნობა და მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება.
  • რესპონდენტების აზრით, მოცულობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი სასწავლო დანაკარგი მოსალოდნელია საბაზო საფეხურზე, რასაც განაპირობებს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი დატვირთვის საბაზო საფეხურის კურიკულუმსა და პროგრამაზე განაწილება.
  • საშუალო საფეხურზე სასწავლო დანაკარგები უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლო ჩამორჩენა კომპენსირდებოდა დამატებით, რეპეტიტორებთან ინდივიდუალური/ჯგუფური სწავლით.

კვლევის შედეგები აღწერს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მდგომარეობას.

publika.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share