“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ “მთავარ არხს” “სურს”, საქართველო ნატო-ს მიღმა დარჩეს, მაგრამ “ვერ მოგვართმევენ”.
მისი მტკიცებით, დღეს ნატო-ს გენერალური მდივნისა და პრემიერის შეხვედრა იმიტომ გაუქმდა, რომ სტოლტენბერგი შეუძლოდ იყო.
“ძალიან გინდათ ამ “მთავარ არხს” რომ ასე დრამატიზირება იყოს და რაღაცნაირად ნატო-ს მიღმა დავრჩეთ, მაგრამ ვერ მოგართვით. ბატონი სტოლტენბერგი რამდენიმე დღის წინ იყო კოვიდით ინფიცირებული, შემდეგ გამოჯანმრთელდა თითქოს, თუმცა ისევ შეუძლოდ გახდა, სწორედ ამას უკავშირდება, რომ არა მხოლოდ ბატონ ღარიბაშვილთან, არამედ კიდევ სხვა თანმდევი დღეს შეხვედრები გადადო”, – თქვა ზარქუამ.
იენს სტოლტენბერგს კორონავირუსი 10 მაისს დაუდასტურდა. მას დღეს შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა, რის შემდეგაც კომენტარიც გააკეთა.
ცნობისთვის, დღეს, 18 მაისს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა. ოფიციალური მიზეზი არც ქართულ მხარეს და არც ნატო-ს პრესცენტრს არ დაუსახელებია.