„შეუძლია 3 საათი იყოს აბსოლუტურად ჩუმად, უემოციო სახითო“ – უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილმა კობახიძეს „საშიში კაცი” უწოდა

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ირაკლი კობახიძეს „საშიშ კაცად“ აფასებდა.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს, 25 მაისს, პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე დებატებისას განაცხადა, როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებებს აფასებდა.

“მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს”, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს და შემდგომ, ასევე, დასძინა:

„ისიც კარგად მახსოვს გაოგნებული რომ იყავით, ეს რა საშიში კაცია მგონიო, მეორე ირაკლიზე [კობახიძეზე] ამბობდა – მაგიდის გარშემო გამალებულ დებატებში ვსხედვართ და შეუძლია 3 საათი იყოს აბსოლუტურად ჩუმად და აბსოლუტურად უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. ახლა განსხვავება ისაა, რომ დღეში 3 საათი ლაპარაკობს ეს კაცი, ოღონდ იგივე კაცია და ყოველდღე იფრქვევა მარგალიტები, რომელიც ნაცთმოძულე ქართველებს გულს ფხანს და სიამოვნების ექსტაზიდან არის ეს ხალხი გამოსაყვანი და ევროპას, საითაც მივდივართ, შოკში აგდებს ყოველდღიურად, მუდმივად, კონვეიერულ რეჟიმში.

გვიკვირს რომ ვინმე იქიდან კითხვებს სვამს და აღარ გვენდობა, ვერ გაიგო რა ხდება და რა უნდა ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც შანსები მიეცა. დღეს გვაქვს შანსი, მაგრამ ამ შანსს სჭირდება გამოყენება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share