“ვისაც ომი უნდა, თვითონ წავიდნენ და იომონ, აქ რას აკეთებენ?! ჩემო კარგო, ჩვენ სამ მილიონნახევრიანი კი არა, მაგის ნახევარი მოსახლეობაც აღარ ვართ და ხელად გადაგვყლაპავს მტერი!…” – მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
”დღეს არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადო მოღვაწე ხარ, მწერალი თუ მსახიობი, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, შემაძრწუნებელია, რასაც ვხედავთ, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ეს არის კატასტროფა 21-ე საუკუნეში!
რა დაგიმალოთ და, არ მიკვირს, რაც ხდება, არაფერი გასაკვირი არ არის! ათასჯერ უარესსაც ველოდები, ეს ჯერ კიდევ არაფერია! მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ღმერთს ზურგი შევაქციეთ და სატანას ხელი ჩამოვართვით… ამიტომაც ვიღებთ იმას, რაც უნდა მიგვეღო… ჩვენი არასწორი საქციელის გამო ვისჯებით! დღეს მთელი მსოფლიო ამ დღეშია!
ჩვენი ქვეყანა ყველანაირად უჭერს მხარს უკრაინას და თან მაშინ, როცა ჩვენ თვითონ არაფერი გაგვაჩნია… სხვა რა, იარაღით უნდა დავეხმაროთ? სად გვაქვს ჩვენ თვითონ?! მორალურად და მატერიალურად მხარს ვუჭერთ და ომში ჩვენ ვერ ჩავებმებით! 40-მილიონიანი ქვეყანა რა დღეში ჩააგდეს რუსებმა და ჩვენ საერთოდ მიწისგან აღგვგვიან! ერთი სულის შებერვაც აღარ გვინდა რუსეთისგან, ამ პლანეტიდან რომ გავქრეთ…
ვისაც ომი უნდა, თვითონ წავიდნენ და იომონ, აქ რას აკეთებენ?! ჩემო კარგო, ჩვენ სამ მილიონნახევრიანი კი არა, მაგის ნახევარი მოსახლეობაც აღარ ვართ და ხელად გადაგვყლაპავს მტერი!
მე რუსი დედა მყავდა, ნახევრად რუსი ვარ! რუს ხალხს არაფერს ვერჩი, პირიქით, ომის პერიოდში მათ ბევრი ქართველი პარტიზანი გადაარჩინეს… მე მეზიზღება რუსეთის გენერალიტეტი და პოლიტიკოსები!
რა პუშკინის ძეგლის დანგრევა, დიდი რუსი მწერლების და კომპოზიტორების აკრძალვა, სისულელე და ბარბაროსობაა ეგ! მე ვამბობ, რომ უკრაინელი ხალხი ძალიან ვაჟკაცია, ვენაცვალე მაგათ ჯიგარში, მაგრამ რუსის უბრალო ხალხზე ცუდი თქვა, ეგეც არ ივარგებს!.
დილიდან საღამომდე იმას ვნატრობ, ეს უაზრო, საზიზღარი ძმათა ომი დამთავრდეს! რა თქმა უნდა, ომი რუსეთმა დაიწყო, დამპყრობლური ზრახვები აქვს, მაგრამ მანდ გამარჯვებული არც რუსეთი იქნება და არც უკრაინა, არამედ – ის ქვეყანა, რომელმაც ეს ომი დააწყებინა!” – აცხადებს გივი სიხარულიძე.