პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველო ევროპისგან ბრძნულ, პოლიტიკურად გამართლებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელის. ამ თემაზე მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
პრემიერმა თქვა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად მთავრობის “წინდახედული გონივრული ეროვნული ინტერესების პოლიტიკით” ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას.
“დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ. ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის. დღეს საქართველო ევროპისგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენი ისტორიული მისწრაფებების დაუღალავი ძალისხმევის ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების აღიარებას”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა და ამის შემდეგ ჩვენ განვითარებას ის სახარებისეული საფუძვლები განსაზღვრავს, რომელიც საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას.