ცნობილი ქართველი მკვლევარი, თედო სახოკია, გურიაში მოგზაურობისას აღწერს ოზურგეთის თვითმმართველობას და იმავე პერიოდში აღმოცენებულ ამხანაგობებს, რომლებმაც მნიშნელოვნად გააუმჯობესეს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა.
.
მათ შორის აღწერს გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალს“, რომლის ძირითადი საქმიანობა მეაბრეშუმეობა გახლდათ.
.
სახოკიას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოზურგეთის მაშინდელ ქალაქის თავთან ნიკო თავდგირიძესთან, რამაც სავარაუდოდ განაპირობა კიდეც სახოკიას მოგზაურობა და გურიაში მიმდინარე პროცესების აღწერა.
.
ნიკოლოზ (ნიკო) თავდგირიძე თავის მხრივ ძალიან საინტერესო პიროვნებაა არამარტო გურიისათვის და სწორედ მასთან დაკავშირებული მასალების მოძიებისას წავაწყდი გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“ კრების ოქმებს, რომელიც თავისი შინარსითა და განსაკუთრებით კი ამხანაგობის წევრების ვინაობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა.
.
როგორც ოქმებიდან ჩანს ამხანაგობის კრება რამდენიმე ეტაპად 1898 წლის თებერვალსა და მარტში ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის დარბაზში გაიმართა და მისი მიზანი გახლდათ გასული წლის ანგარიშის მოსმენა და ამხანაგობის ახალი გამგის არჩევა.
.
ოქმები ასახავს ამხანაგობის ოზურგეთელი და ლანჩხუთელი წევრების სერიოზული დაპირისპირების რამდენიმე მომენტს. ლანჩხუთელი წევრების აზრით კრება უნდა ჩატარებულიყო ლანჩხუთში, რადგანაც წევრთა უმრავლესობა ლანჩხუთელი იყო, თუმცა როგორც ჩანს ოზურგეთელებს უმძლავრიათ და კრებაც ოზურგეთში გამართულა, რაზეც ლანჩხუთელები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდენენ.
.
ასევე ლანჩხუთელები უკმაყოფილონი იყვნენ ამხანაგობის ოზურგეთელი გამგის სამეურნეო საქმიანობითაც. 1998 წლის 01 მარტის კრების ოქმს აქვს ამავე კრების მდივნის აპოლონ წულაძის შემდეგი მინაწერი: „მართლაც–და ლანჩხუთიდგან და ნიგოითიდგან 150 წევრზე 8 წარმომადგენელია, მხოლოდ ოზურგეთში ყველა წევრი წარმომადგენელია, მერმეთ სამწუხარო ისა, რომ ლანჩხუთელნი წევრნი ყველა მწარმოებელი–მეაბრეშუმეა და ოზურგეთელნი კი არა. რასაკვირველია, უფრო სასურველია, რომ იყოს მწარმოებელთაგან მეტი წარმომადგენელი“.
.
როგორც ჩანს ლანჩხუთელებისა და ოზურგეთელების უთანხმოება იმდენად დიდი იყო, რომ ამხანაგობის გავლენიანმა წევრებმა გადაწყვიტეს ნეიტრალური პიროვნება წარედგინათ ამხანაგობის გამგეობის კანდიდატად, ამ საკითხზე ვრცელი მსჯელობაც გამართულა და ოქმში ასახულია ამხანაგობის წევრთა გამოსვლები, რომელთაგანაც მცირე ნაწილს ქვემოთ გთავაზობთ.
.
სილიბისტრო ჯიბლაძე: „ასეთი კაცი ბევრი ვეძებეთ, საპატიო და ჩვენი ამხანაგობის გულშემატკივარმა პირებმა, როგორებიც არიან თავადი ერმილე ნაკაშიძე, კარლო ჩხაიძე და ფილიპე მახარაძე და სხვ. გამოვარჩიეთ ერთი, ეს კაცი არც ოზურგეთელია, არც ლანჩხუთელი, ის ქართველია, ის მოქალაქეა. ამ კაცის სახელი და გვარი იოსებ კაკაბაძეა.“ „მას აქვს საკომერციო სწავლა მიღებული ევროპაში, მცოდნეა ევროპის ბაზრისა“. ჯიბლაძემ ასევე დააყენა წინადადება დიმიტრი კალანდარიშვილი დაენიშნათ კაკაბაძის თანაშემწედ – „რომელმაც იცის ევროპის ბაზრის ავკარგი და კალანდარიშვილი მცოდნეა ჩენებური ადგილობრივი პირობებისა“.
.
როგორც კანდიდატების წარდგენიდან და შემდგომი გამომსვლელების სიტყვებიდან ჩანს გურულ მეწარმეებს დიდი სურვილი ჰქონდათ გასულიყვნენ დასავლეთ ევროპის ბაზარზე და ამიტომაც უსვამდნენ ხაზს ევროპული ბაზრის ცოდნას კანდიდატების მხრიდან, ამ მხრივ განსაკუთრებით ლანჩხუთელები აქტიურობდნენ. ნ. ჟორდანია – „ჩემის აზრით კი უნდა ვიშოვოთ ისეთი კაცი, რომ დასავლეთ ევროპას დაუახლოვოს ჩვენი ბაზარი, და ჩვენი ნაწარმოები იქ გაიგზავნოს. თქვენ ბატონებო, ეს პატარა კუთხე კი არ შემოგცქერით მარტო არამედ მთელი საქართველოს თვალი თქვენზედაა მოპყრობილი“ „ბატონი კაკაბაძე სწორედ, რომ ზედგამოჭრილია ჩვენთვის.“
.
„სპირიდონ მენაბდე იძლევა შეკითხვას: გამაგებინეთ, ეს რომელი კაკაბაძეა ის ხომ არ არის მაზედ „მოამბეში“ ვარშავიდან, რომ იყო დაბეჭდილი.
.
პასუხი: დიახ ის არის
.
მენაბდე: ის თუა „ნე დაი ბოხ!“ (მენაბდე მიუთითებდა ჟურნალ მოამბეში გამართულ წერეთელისა და კაკაბაძის პოლემიკაზე).
.
სხვადასხვა გამომსვლელების აზრის მოსმენის შემდეგ დაიწყო გამგის არჩევნები, რომელიც დაიწყო კანდიდატთა დასახელებით, რომლის მიმდინარეობა ოქმში ასეა ასახული:
.
„არიგებენ ბარათებს კანდიდატთა დასასახელებლათ. დასახელებულნი იქმნენ ბარათებით:
კაკაბაძე – 18 ხმით
ს. ჭეიშვილი – 13 ხმით
ალ. თოიძე – 6
რამიშვილი – 1
ექ. ბერძენიშვილი – 1
კ. თავართქილაძე -1„
.
დასახელებული კანდიდატებიდან კრებაზე სამ კაცს უყარეს კენჭი – „დანარჩენები უარს ამაბობენ და ყუთს უდგამენ კაკაბაძეს, ჭეიშვილსა და თავართქილაძეს.“ კენჭისყრის შედეგები ასეთი იყო: „კაკაბაძეს – 17 თეთრი, 21 შავი, ჭეიშვილს 23 თ. 13 შ. თავართქილაძეს 13 თ. 25 შ.“
.
თუმცა თავართქილაძის ყუთის ქვეშ აღმოჩენილმა თხილმა და ღენჭოპაებმა საეჭვოდ გახადეს მისთვის მიცემული ხმები, თავართქილაძე ამხანაგობის ხელმძღვანელი იყო კრებამდე და მას არაკეთილსინდისერებაში ადანაშაულებდნენ ამხანაგობის წევრები (სხვა პრეტენზიებთან ერთად თავართქილაძეს საყვედურობდნენ იმას, რომ გურიის აბრეშუმის ევროპის ბაზარზე გატანა ვერ მოახერხა) – „თავართქილაძის შავი ყუთის ქვეშ აღმოჩნდა 4 თხილი და თხილის ღენჭოპაები. ამან დიდი კამათი გამოიწვია, ექ. ბერძენიშვილმა გამოაცხადა, რომ ხელახლა დაედგას ყუთი, ამასვე აყენებენ დაჟინებით ლანჩხუთელები, დიდი შეტაკების შემდეგ ხმის შეკრებით 18 წინააღმდეგ თვრამეტისა (18) (თავმჯდომარე მიემხრო ხელ ახლა ყუთის დადგმის მსურველთ) გადაწყდა დაედგას ყუთი და მეორეთ აი რა მიიღო კ. თავართქილაძემ თეთრი 12 შავი 24. (აღმოჩნდა, რომ მეორე ყუთის დადგმის დროს წასულიყო ერთი ლანჩხუთელი და იმიტომ დააკლდა ერთი ხმა) ამ რიგად ხმის უმეტესობით არჩეული იქმნა წევრი სარევიზიო კომისიისა ბ–ნი სოლომონ ჭეიშვილი.“
.
სხდომის მიმდინარეობაში მონაწილებას იღებდნენ და ამხანაგობის წევრებად მოხსენიებულინი არიან: ნოე ჟორდანია; სილიბისტრო ჯიბლაძე; ისიდორე რამიშვილი; დიმიტრი კალანდარიშვილი; ფილიპე მახარაძე; ილია მგელაძე; აპოლონ წულაძე; ერმილე ნაკაშიძე; სოლომონ ჭეიშვილი; ნიკო თავდგირიძე; კონსტანტინე თავართქილაძე; ილია მგელაძე; დავით გუგუნავა; ყარამან მამულაიშვილი; ივანე ჭეიშვილი; კარლო ჩხაიძე; ვასილ ხუნდაძე; სპირიდონ მენაბდე; მიხეილ თუმანიშვილი; ივანე ბერეჟიანი; გრიგოლ ვოლსკი; ნესტორ წერეთელი; ივანე თიკანაძე; ალექსანდრე თოიძე; ხარიტონ ანთაძე; ნიკო ჟორდანია; არტემ წითლიძე; ექვთიმე ბერძენიშვილი; ესე ორაგველიძე, იაგორ გვარჯალაძე; არსენ თოხაძე; სიმონ გუგუნავა; ესე ქადეიშვილი; გრიგოლ პავლოვი; ტარიელ ჩხეიძე; კოსტანტინე ჟორდანია; გიორგი მარგალიტაძე და სხვები;
.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე მკითხველმა თავად განსაჯოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალს“ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს მომავალი ისტორიისათვის.
.
ნახატი – ანტონ გოგიაშვილისა (გოგეშვილი) 1904 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა