თედო სახოკია წერს: „ გურიაში თუ ერთი პირი მოიხსნა ცამ, მერე გადაღება არ მოაგონდება. სინესტის შიშით ქვიტკირის სახლებს აქ იშვიათად აშენებენ. უფრო მეტად აქაური სახლები ფიცრისაა. კედლებზეც ფიცრები აქვთ აკრული. კრამიტით ხურავენ სახლებს, რომლებსაც ადრე „ქერაბინს“ უწოდებდნენ. სახლის საძირკველი დედამიწიდან აშორებულია. ნიადაგს აშორებულ სახლს ტენი არ ეკარება, კედლები მშრალად ინახება. ზამთარში ცივა ამ სახლებში.
ფერდობზე წამოდგმულან ორსართულიანი, სარკმლიან-ბუხრიანი ოდები. ხეებით სავსე შემოღობილ ეზოებში გამოჭიმული ეს მშვენიერი ფიცრული სახლები კოხტად გასცქერიან გზას. ყველა სახლს კუხნა აუცილებლად ცალკე აქვს. აქაური ხალხის უმეტესი ნაწილი მთელ დღეს ამ კუხნაში ანუ სამზარეულოში ატარებს. აქ ხდება სუფრის გაშლა, თათბირი ოჯახის განკარგვის შესახებ. მთავარ სახლში ანუ ოდაში მარტო დასაძინებლად და სტუმრის მისაღებად თუ მიდიან.“
მართლაც, ისეთი დიდი და გაშლილი ეზოები აქვთ გურიაში და იმხელა ხეები დგას, რომ მთელ ზაფხულს იმ ხეების ჩრდილში ატარებენ. ფაქტობრივად გარეთ ცხოვრობენ და ოდაში მხოლოდ დასაძინებლად შედიან.
გურული ოდა ხის ფიცრული ერთსართულიანი სახლია და დახვეწილი არქიტექტურული ფორმის ნაგებობას წარმოადგენს. როგორც წესი, ეს სახლი მიწიდან ამაღლებულია და ქვის ბოკონებზე დგას. უფრო გვიანდელი ოდები ორსართულიანია. პირველი სართული სარდაფად გამოიყენება და ქვის ბლოკებით აშენებულ პალატს წარმოადგენს. მეორე სართული კი მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. ძველად გურიაში წაბლის ხის ოდებს დგამდნენ, რადგან ეს ხე ყველაზე კარგად ძლებს აქაურ ტენიან ჰავაში. გურულ ოდას წინ ფართო აივანი აქვს, რომელსაც მოაჯირად გამოყენებული აქვს „დუშაყი“ – სწორი ფიცრები, რომლებზეც ორნამენტებია ამოჭრილი. (დუშაყს რიკულების დასამაგრებლად იყენებენ)
ზოგჯერ აივანზე მიმაგრებულია გრძელი სკამები. ოდა კრამიტითაა გადახურული, შიგნიდან კი ბუხარი ათბობს. ტიპიური ოდა-სახლის მეორე სართული მოიცავს სამ ოთახს, ორი განაპირა საძინებლებისათვის და შუაში დიდი „ზალა“, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ხისავე ტიხრებით. ოდა-სახლში ზოგჯერ გამართულია ქვის ბუხარი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. როგორც წესი, ოდა-სახლის აივნებს უკეთდება ხის აჟურული ფარდები, რაც მას თავისებურ კოლორიტს სძენს. ოდა-სახლის პალატი განკუთვნილია სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისთვის.
გურული კარ-მიდამოსთვის დამახასიათებელია ოდის დამხმარე ნაგებობები: სამზადი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციას ასრულებს, ნალია, ხულა, ფაცხა და ჭა.
სხვათაშორის, ოდა სახლებში ცხოვრება ბევრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თანამედროვე საშენი თუ მოსაპირკეთებელი მასალით გაპრიალებულ ოთახებში, თუმცა ოდებს, კარგა ხანია, იშვიათად თუ ააშენებს ვინმე. ძველი ოდები კი დიდ ისტორიას ინახავს და ხშირად საუბრობენ, რომ მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭონ.