სამოქალქო აქტივისტი, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს:
“დღევანდელი პოლიტიკური კლასი კრიტიკას ვერ უძლებს.
ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას.
მათი ლექსიკა ზიზღსა და სიძულვილის ენაზე, კინკლაობაზე, ერთმანეთის მიუღებლობასა და ბრალდებებზეა აგებული.
პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთისკენ თითის გაშვერასა და ბრალდებებზეა დაფუძნებული.
გადაწყვეტილებები მხარეთა შეთანხმებისა და თანამშრომლობის გარეშე მიიღწევა.
ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას.
ეს ყველაფერი ნორმად და წესად მკვიდრდება.
ამასობაში, მთელი პოლიტიკური კლასი ახალი თაობებს შორდება. პოლიტიკოსებს ახალგაზრდების აღარ ესმით.
საერთოდ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ მათ სხვა ინტერესები აქვთ, უფრო მეტი პირობები სჭირდებათ იმისთვის, რომ უცხოეთში წასვლაზე აღარ იფიქრონ, საკუთარი უნარების გამოყენების შესაძლებლობები სამშობლოში ჰქონდეთ.
განცდა მიჩნდება, რომ მხარეებს მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებთ და არა ქვეყნის კეთილდღეობა.
შემაშფოთებელია ამხელა ეროვნული ენერგიის უმიზნოდ გაფლანგვა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სამართლიანი მართლმსაჯულება, ზიზღისა და სიძულვილის მასშტაბები, ერთმანეთთან ქიშპი.
ამას ემატება ევროკავშირში გაწევრების მოთხოვნის წინ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიმინალური მენტალიტეტის სულ უფრო თვალსაჩინოდ გამოცოცხლება, მუდმივი დავა პარლამენტში შესვლა-არ შესვლასა და დატოვებაზე და ასე შემდეგ.
სირცხვილია, სირცხვილი.
აჯობეთ საკუთარ თავს, გაერთიანდით და მთელმა პოლიტიკურმა კლასმა პირობა დადეთ, რომ კეთილსინდისიერად ემსახურებით საქართველოსა და მის მოსახლეობას.
პირველი, რაც ახლა უნდა გააკეთოთ, გაწევრების მოთხოვნით დაწერეთ ერთობლივი განცხადება და მიმართეთ ევროკავშირს. ჩვენც დაგვანახვეთ და ევროპელესაც, რომ ეს ერთობლივი სურვილია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის.
პოლიტიკური კლასი უნდა ჰგავდეს პოლიტიკურ კლასს და არა საბავშვო ბაღს. დღეს კი, ეს მხოლოდ სახელია, ქცევით კი საბავშვო ბაღია”, – წერს ჩანადირი ფეისბუქზე.