ომი გინდათ? – ამ კითხვით მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხურვალეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის შესახებ მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან.
ერთ-ერთი ადგილობრივის, ლუდა სალიას თქმით, სოფელი წრეშია მოქცეული და მხოლოდ ერთი შესასვლელია დარჩენილი, რომელსაც ოკუპანტები ვერ აკონტროლებენ.
მისივე თქმით, ბევრჯერ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.
“სავარაუდოდ საგუშაგოს აშენებენ, რომ შემდეგ ავტობანი ხელისგულივით ჩანს და ავტობანი გააკონტროლონ. წრეში არის სოფელი მოქცეული და მარტო ერთი შემოსასვლელი დარჩა. მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, როდესაც ასეთი სამუშაოების დროს გამოჩნდებიან ეს ოკუპანტები მოვიდნენ და დაგველაპარაკონ სოფელს. კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, აბა ომი გინდა? რას ატეხე ქოთქოთი. დიახ, მე ყოველთვის ავტეხავ ქოთქოთს, როცა საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდება რუსი ოკუპანატი და აქ მიშენებს რაღაც უბედურებას. აბა არ გეშინიაო? მეუბნებიან, მე რისიც მეშინოდა ის მოხდა უკვე, სოხუმი წამართვეს, კიდევ რისი უნდა მეშინოდეს?”, – ამბობს ლუდა სალია.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში ოკუპანტები უკანონო “ბორდერიზაციას” აგრძელებენ და მთის ფერდობზე ახლა უკვე სათვალთვალო კოშკებს აგებენ.