ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება – გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა.

თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში, სოფიო გორგოძის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და მათ საგამოცდო პროცესის პროცედურები გააცნო.

2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცენტრები წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება.

რეგისტრაცია ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი – 15:00 საათი.

“შეიძლება ითქვას, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების და სხვა გამოცდების დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ყველა ჩვენი თანამშრომელი უკვე ადგილზე იმყოფება. გუშინ ყველა ტექნიკური მოწყობილების გამოცდა მოხდა. დღეს ყველა თანამშრომლის ჩართულობით, მთელი ამ საგამოცდო პროცესის ე.წ. მოდელირება გვაქვს – ჩვენ ამას გენერალურ რეპეტიციას ვუწოდებთ. ხვალ დილის 6 საათიდან საგამოცდო ცენტრები გაიხსნება და 8 საათიდან დილის სესიის აბიტურიენტებს, ხოლო 2 საათიდან შუა დღის სესიის აბიტურიენტებს ველოდებით,” – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს უწევს, ასევე საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას წარმართავს.

ცენტრი ყველა გამოსაცდელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით გამოცხადდეს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

წელსაც ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share