ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“უკაცრავად პირდაპირობისთვის, მაგრამ რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. ჩვენზეა. ყველაზე.
არის ერთი ბატონი.
ჰყავს მოურავები. ამ მოურავებს აჭმევს და ასე განაგებს მამულს.
ამ მოურავებს ყველაფრის უფლება აქვთ. იპარავენ, მდიდრდებიან, ჩაგრავენ. მთავარია, ბატონს ემსახურონ და დანარჩენი ნებადართულია.
ბატონს ემორჩილებიან უუფლებო, ღატაკი ყმები. ეს ხალხი შრომობს, მოურავები ჭამენ. ხალხი ღატაკდება – მოურავები მდიდრდებიან.
თუ არ გაწყობთ ასე ცხოვრება, წადითო, თქვა ბატონმა. ვისაც გაქცევა შეუძლია, გარბის უკანმოუხედავად.
ვინც რჩება, არის დამონებული.
თუ ოდნავ შეძლებული ყმები იყვნენ, ისინიც გაღატაკდნენ.
ბატონს ყველაზე მეტად ყმების ამბოხის ეშინია. ამიტომ დასაშინებლად იგონებს ახალ-ახალ საშინელ ზღაპრებს – შიმშილზე, სიღატაკეზე, უიმედობაზე, ყმობაზე მეტად რომ შეაშინებს, ისეთებს.
ბატონი ფიქრობს, რომ ადვილად მოატყუებს ყმებს. ზოგს ატყუებს კიდეც, ზოგიც თავს იტყუებს, რადგან ერთი პურით მეტს აძლევს ბატონი, თან თავისას კი არა, სხვა ყმების ნაშრომიდან.
ფიქრობს ბატონი, რა სულელები არიან ეს ჩემი ყმები, ყველაფერს იჯერებენ. ვჩაგრავ, ვპარავ, ვამცირებ, მაგრამ თუ დამჭირდა, ჩემი მოურავები ამ ყმებს ჩემს დასაცავადაც კი გამოიყვანენო.
ბატონს ვიღაც ფულს არ უბრუნებს და ტირიან ყმები, სულ დავიღუპებითო.
არიან ეს ყმები ასე უმომავლოდ, ხდებათ სული შიმშილში, რჩებიან მათი შვილები უწიგნურები და განწირული არიან ბატონის სამსახურისთვის, მერე ბატონიშვილებსაც უნდა ემსახურონ და ასე.
გარბიან მათი ცოლები, ქმრები, ინგრევა ოჯახები. იქ თუ რამეს შოულობენ, აქეთ გზავნიან და აქ დარჩენილები ძლივს ირჩენენ თავს. ზოგიც ანიავებს იმ ფულს, ზოგიც ათას უბედურებაში ხარჯავს.
შვილებს დედები ენატრებათ, მამებს – ცოლები. მიდის ასე უსიხარულოდ და ტანჯვაში მათი დღეები.
ვინც გონს მოეგო, ათას ჭორს უგონებენ, ჩაგრავენ, როზგავენ და ასე ცდილობენ მოთოკვას.
სანამ ტყუვდებიან ყმები და ბოროტი ზღაპრების სჯერათ, ცხოვრობს ბედნიერად ბატონი და სულელებად მიიჩნევს მათ.” – წერს სანაია.