საუბარია 12 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე – ეს ფართობი აშშ-ზე ან ჩინეთზე დიდია, თანაც პრობლემა არ უკავშირდება გლობალურ დათბობას. ყველაფრის მიზეზია ნიადაგის ხელოვნური გამოფიტვა: სარწყავი სისტემებით, ბუნებრივი აირების, ნავთობისა და წიაღისეულების მოპოვებით.
მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა, ესპანეთის გეოლოგიური და სამთო ინსტიტუტის ბაზაზე შეაგროვა მიწის ნიადაგების მონაცემები, მსოფლიოს 200 წერტილსა და 34 ქვეყანაში. მათი ანალიზის შემდგომ, მეცნიერებმა შექმნეს მოდელი, რომლითაც ასახეს ლანდშაფტის კრიტიკული ცვლილება ახლო მომავალში.
მიღებული შედეგი განგაშის საფუძველს იძლევა: თუ დინამიკა არ შეიცვლება, ნიადაგის გამოფიტვისა და ხმელეთის დაწევის შედეგად, დაახლოებით 12 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობი მალე წყალქვეშ აღმოჩნდება. შედარებისთვის, აშშ-ს ტერიტორია დაახლოებით 9.8, ჩინეთის კი, 9.5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო რუსეთის ტერიტორია, “სულ რაღაც” 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს – თანაც ეს ყველაფერი ნავარაუდევია 2040 წლისათვის!
როგორც ქვემოთ მოცემულ რუკაზე ჩანს (დაშტრიხული ადგილები), ყველაზე ცუდი შედეგი დაუდგებათ სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტერიტორიებს. მსხვილი ქალაქების დაახლოებით 22%, სადაც ამჟამად 1.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს (ხოლო 2040 წლისათვის მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება), სერიოზულად დაზარალდება ლანდშაფტის ცვლილების გამო. რაიონები, რომლებიც აქამდე უსაფრთხოდ ითვლებოდნენ, სამომავლოდ სულ უფრო და უფრო ხშირად დაექვემდებარებიან წყალდიდობებსა და დატბორვებს.
კაცობრიობამ მსგავს საშიშ პრობლემას უშუალოდ რომ არ შეეჯახოს, ან როგორც მინიმუმ, დრო მოიგოს, მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფი მოუწოდებს ქვეყნების მმართველებს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ ნიადაგის დაწევასთან საბრძოლველ ზომებს საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, საუბარია ნავთობის, გაზის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროგრამების კორექტირებაზე, ასევე, წყალქვეშა რეზერვუარების დაშრობასთან ბრძოლის მექანიზმების შექმნაზე.
ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს გლობალური დათბობაც, რომელიც ამ პრობლემის გაღვივებას თავისთავად ხელს შეუწყობს და რომელიც ცალკე გამოწვევად რჩება კაციობრიობისათვის.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე