“ხელისუფლების მხრიდან განზრახულია სახელოვნებო სფეროზე სრული კონტროლის დამყარება”, – ამის შესახებ ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ პეტიციაშია საუბარი.
ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და სთხოვენ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების გასაძლიერებლად მხარდაჭერა გამოხატონ.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისევე, როგორც დღეს ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის – უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება, და, ამგვარად, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთან ერთიანობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
24 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პირობა მიიღო. ხელისუფლებამ, ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად უნდა შეუწყონ ხელი დეპოლარიზაციის პროცესს. ამის მიღწევა ძალზედ რთულია მმართველი პარტიის პირობებში, რომელიც აკეთებს ყველაფერს რათა გააღვივოს პოლარიზება და ხელი შეუწყოს პრორუსულ ჯგუფებს ქვეყანაში.
ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, განსაკუთრებით იზრდება თითოეული სფეროს, მათ შორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლების პასუხისმგებლობა პროცესების დემოკრატიზაციის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საქმეში. ვალდებულად ვთვლით თავს, თქვენი ყურადღება მივმართოთ პრობლემისადმი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
კულტურის სფეროში, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლების მხრიდან განზრახულია სახელოვნებო სფეროზე სრული კონტროლის დამყარება. ამ პროცესის სათავეში დგას კულტურის, სპორტის და ახლგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი (ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ვიცე პრემიერი). ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გატარებული კულტურის პოლიტიკა, მართვის არადემოკრატიული მოდელით, სფეროდან დევნის კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს და აბსოლუტური არატოლერანტულობით, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.
კულტურის სამინისტროს მიერ წარმოებული ე.წ. „რეფორმები“, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტთან, რომელზეც ვალდებულება აღებული აქვს საქართველოს მთავრობას და უშუალოდ კულტურის სამინისტროს, როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „კულტურის სტრატეგია 2025“-ის, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
შესაბამისად, ჩვენ, ქართველი ხელოვანები და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები მოგმართავთ თხოვნით კოლეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების გასაძლიერებლა.
ქართველი ხელოვანების მიერ კულტურის სამინისტროსთან დიალოგის თხოვნით გავრცელდა არაერთი საჯარო ღია წერილი კულტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე. განსაკუთრებული თხოვნა და საჯარო მიმართვები გავრცელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიმართ, რომელიც თანამდებობრივად ვალდებულია მონიტორინგი აწარმოოს კულტურის სამინისტროს საქმიანობაზე. სამწუხაროდ, ყველა მიმართვა ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ინსტიტუციების მიერ იყო უგულებელყოფილი.
გთხოვთ გვიშუამდგომლოთ თქვენი რეკომენდაციებით საქართველოს ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, რათა შემუშავდეს სავალდებულო სამოქმედო, ჩარჩო-დოკუმენტი და დაიწყოს ღია დიალოგი სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ყველა იმ ვალდებულების პირნათლად შესასრულებლად რაც საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახში გაწევრებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. დიახ, სწორედ დღეს თქვენი გამოცდილების გაზიარება და ქართული კულტურის მხარადჭერა ჩვენ უფრო მეტად გაგვაძლიერებს და პროცესების პოზიტიური და წარმატებული განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს, – ნათქვამია განცხადებაში.