დღევანდელ ვითარებაში, როცა სახელმწიფო მართვის სადავეები ივანიშვილმა და მისმა უშუალო გარემოცვამ ბოლომდე მოჭიმა, როცა პოლიტიკური სახეობის როლის შემსრულებლებმა არამარტო ელჩებს, არამედ უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და მთლიანად ევროკავშირს შეუტიეს, როცა რაციო სრულად ჩაანაცვლა პრივილეგიების დაკარგვის შიშმა, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნება მკვდარია. მკვდარია როგორც პოლიტიკური ძალა, როგორც ადამიანების მომხრობაზე ორიენტირებული გაერთიანება. აპოფატიკურად, ანუ საღვთისმეტყველო ენაზე რომ ვთქვათ, დღეს ოცნება უკვე სიცოცხლის არარსებობაა, რადგან მისი არსი სრულად გამორიცხავს ცვლილებას.
სისტემის ხრწნის შედეგად წარმოქმნილი გაუსაძლისი სუნი უკვე ქვეყნის გარეთაც აღწევს, რაც ნელ-ნელა კლავს საგარეო ლეგიტიმაციის იმ ბოლო ნიშნებს, რომლებიც ოცნების ხელისუფლებას ცოცხლად ყოფნის იერს მაინც უნარჩუნებდა. პოლიტიკური ცხოვრება ბიოლოგიისგან ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ აქვს ერთი საერთო – პოლიტიკური ორგანიზმი დაახლოებით იმავე გზას გადის, რასაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი. სიტყვა სიცოცხლე კი ყოველთვის დროებითია, ისეთ ყოვლისმომცველ სიტყვასთან – როგორიც სიკვდილია. ცოცხალი ორგანიზმი, იბადება, იზრდება, განვითარების პიკს აღწევს, შემდეგ კი იწყება თავდაღმართი და დასასრული, რომელიც ახალ სიცოცხლეს უხსნის გზას. ეს არის ბუნების კანონზომიერება და თანამედროვე დემოკრატიის ღერძი სწორედ ამ აქსიომაზე დგას. განვითარებული სამყარო დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით, პოლიტიკური გუნდის დიდხანს პარტიის ხელმძღვანელობაში და მითუმეტეს ხელისუფლებაში დარჩენა, მისი კვდომისა და გახრწნის წინაპირობა ხდება.
იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჯანმრთელი და ხანგრძლივი იყოს პოლიტიკური ძალების სიცოცხლისუნარიანობა და მაშასადამე სახელმწიფო მმართველობა, აუცილებელია ლიდერებისა და იდეების მუდმივი ცვალებადობა და განახლება. ამიტომაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი უკიდურესად დრამატული და გეზის ამრევი ქვეყნისთვის, რისი გააზრებაც ჯეროვნად ვერ მოვახერხეთ. მიუხედავად ზეწოლის და მოსახლეობის ელექტორალური ნების მასიურად მანიპულაციის არაერთი შემთხვევისა, რომელიც ბოლო დროს გამოქვეყნებული დოკუმენტებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, აშკარა იყო რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნებში ოცნებას სათადარიგო სკამზე მიუთითა. ორი ვადა მოხდილი ივანიშვილის ოპოზიციაში გადასვლა იქნებოდა კიდეც ქვეყნის მმართველობის გაჯანსაღების და მათ შორის ოცნებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალება, რომელიც ოპოზიციაში ყოფნას გამოიყენებდა ლიდერებისა თუ იდეების განახლებისთვის და შემდეგ კვლავაც შეეცდებოდა ხელისუფლებაში მოსვლას. თუმცა, მოხდა ის რაც მოხდა. ივანიშვილმა უარყო ხალხის ვერდიქტი და მათი ნების წინააღმდეგ ხელისუფლებაში დარჩენით საკუთარ თავს და მის გუნდს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
დღევანდელი რეალობა ასეთია: 2020 წლის არჩევნების შედეგად ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა გარდაიცვალა. თუმცა, ხელისუფლების დაუთმობლებით შეეცადა ხელოვნურად გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. რეალურად ეს იყო ლენინის მავზოლეუმში დასვენების მსგავსად, გარდაცვლილი პოლიტიკური სხეულის შენახვის მცდელობა, რასაც ბუნებრივია გაცოცხლება ვერ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ მოყვა გახრწნა, და ისეთი ვირუსის გავრცელება, რომელმაც სახელისუფლო ვერტიკალი ზომბილენდად გადააქცია, სრულიად არაადეკვატური ენითა და ქცევით, საყოფაცხოვრებო გარემოში თითქოს ნორმალური ადამიანები ერჩიან და ებრძვიან ყველაფერს, რაც თავისუფლების, დემოკრატიის და დასავლურობის იდეას ატარებს და მავზოლეუმის სიმყუდროვის დარღვევას ემუქრება. სწორედ ამ ვითარებაშია ახლა ქართული ოცნება. სწორედ ამიტომაა საკვანძო დაუმარხავი მკვდრის დამარხვა!
ფორმულა