რუსები საქართველოში – შესაძლო ონციდენტები, პოტენციური საფრთხეები და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა

უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის – ეს საკითხი აგვისტოს ომის მორიგი წლისთავის მოახლოებასთან ერთად უკიდურესად აქტუალური გახდა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ხელისუფლება კია მათ ამის გამო ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, მიოთუმეტეს საკურორტო სეზონის პიკზე, გაუმართლებელი იქნება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები კი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და ნაწილი აქ დარჩენას გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლატვიამ და ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისათვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერეს.

რაც შეეხება საქართველოს, კოვიდამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაცილებით მციმე რაოდენობაა შემოსული. ხელისუფლების წარმომადგენელთა და ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი ამ მონაცემების ინტერპრეტირებას სხვაგვარად ახდენს – წელს საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა უკვე საქართველოს მოსახლეობის 10%-ს უტოლდება, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის.

ისინი ასევე მოითხოვენ, რომ გამკაცრდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მინიჭება და ეკონომიკური საქმიანობის უფლების მიცემა.

სავიზო რეჟიმის მოთხოვნა  

3 აგვისტოს რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 14 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.

საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა. თავდაპირველად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 90 დღით დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს ვადა 1 წლამდეა გაზრდილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მიზეზით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. აღნიშნულის თაობაზე ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსი ვიზიტორების მზარდ რაოდენობას მოჰყვა.

„საქართველოს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე“, ქვეყანაში „ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის“ თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ერთ-ერთმა პირველმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ მოითხოვა და მას შემდეგ საკითხი დღის წესრიგში არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა.

მარტის დასაწყისში, რუსეთთან მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოითხოვა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმაც, რომელიც 29 ასოციაციას აერთიანებს.

პოლიტიკური განცხადებები 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოში რუსი ტურისტების განსაკუთრებული რაოდენობა არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციის მიერ წამოწყებული კამპანია მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული.

„არავითარი განსაკუთრებული რაოდენობა რუსი ტურისტებისა საქართველოში არ არის. სამჯერ ნაკლებია, ვიდრე იყო 2019 წელს. აქედან უკვე ჩანს, რომ ამასთან დაკავშირებით კამპანია მთლიანად სიცრუეზე, სიყალბეზეა აგებული.

„არავითარი პრობლემა არ არის. შემაშფოთებელია, როდესაც პრობლემა არ გაქვს არც უსაფრთხოების, არც სხვა კუთხით და იწყებ კამპანიას. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ამას აკეთებენ მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული ლიბერალური „ენჯეობის“ წარმომადგენლები. ყველაზე მეტი რადიკალები დღეს არიან ეგრეთ წოდებული ლიბერალები. ეს რა თქმა უნდა, არის ქსენოფობია, ეს არის შოვინიზმი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს თავად რუსეთის მოქალაქეების მიერ ინტერნეტით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს, თუნდაც იგივე იგივე „დედაენის ბართან“ დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ქსენოფობიურ კამპანიას არ ამართლებს.

მისი თქმით, ის, რომ კონკრეტული პირი ცუდად იქცევა, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გაამართლებს ქსენოფობიურ, შოვინისტურ კამპანიას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ შეფასებებს ოპონენტების მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ სტანდარტით, ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი – კარგი ტონი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა მელია წერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას ძალიან ცოტა დრო აქვს, რადგან არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა 20 %-ზე ბევრად მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

რითი იზიდავს საქართველო რუსებს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილია ცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსების დიდი  ნაწილი არიან არა ტურისტები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებს გამოქცნენ. საქართველო კი მათთვის მეტ-ნაკლებად ევროპული სტილის ქვეყანა, სადაც იმ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ, რომელიც რუსეთში დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ აქვთ.

„რუსების უმრავლესობა აქ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს გამო არის ჩამოსული.   რეჟიმს გამოქცეული ხალხის რაოდენობა აქ დიდი არ არის. ძირითადად  მოდიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში სანქციების გამო შექმნილ პრობლემებს გაურბიან.  არიან ასევე ახლაგზარდა ბიჭები, როემლთაც უკარინაში ომში გაწვევის ეშინიათ. ამიტომ, ვიდრე ომი არ დასრულდება, ისინი აქ ყოფნას აპირებენ.

„სანამ საბანკო სისტემებზე შეღუდვები არ მოიხსნება, ეს ხალხი აქ დარჩება. პუტინის რეჟიმს არ გაურბიან, ესენი არიან კარგ ცხოვრებას შეჩვეული ხალხი, რომელთათვისაც საქართველო ევროპის ალტერნატივაა.

„ვიდრე კანონს არ შევცლით და პოლიტიკური სპექტრი მოქმედებაზე არ გადავა, ლაპარაკს აზრი არ აქვს. ოპოზიციას მოვუწდებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანონ, რომელიც იმ სიტუაციის  დარეგულირებას უზრუნველყოფს, რომელიც მათ ასე აღიზიანებთ“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

ვინ დაბრუნდება რუსეთში და ვინ დარჩება საქართველოში

მისივე თქმით, ქართველების გარკვეული ნაწილის შიში და აგრესია რუსების მიმართ გასაკვირი  არ არის თუნდაც იმის გამო, რომ მათ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ. გარდა ამისა, საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი გამომწვევადაც იქცევა.

„ჩვენი თაობა საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ, ამიტომ რუსების მხრიდან უტიფრობა და მავნებლობა ჩვენთვის გასაკვირი არ არის. რუსების უმეტესობა, როგორც წესი, გაუნათლებლები და პროვინციული აზროვნების არიან. ერთადერთი მათი უპირატესობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავხედობაა.

„ქედმაღალია ადამიანი, რომელიც უმეცარი და უვიცია. სხვაგვარად თავის უპირატესობის წარმოჩებას ვერ ახერხებს. თუმცა, ამ ხალხში საფრთხე ნაკლებად ვხედავ. საფრთხე ისაა, რომ შესაძლოა ამ ხალხს უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლები შემოჰყვნენ, რომლებიც რეალურად დიდი საფრთხის მატარებლები არიან. შესაძლოა ეს ხალხი აქ დარჩეს და ფესვები გაიდგან. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები აქ უნდა მუშაობდნენ.

„მემგონი მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დსრულდება და მათ უკან დაბრუნების საშულება მიეცემათ, ნაწილი მართლა უკან დაბრუნდება. თუმცა ვიღაც აქ დარჩება. სწორედ ამ ხალხის კონტროლი უნდა მოხდეს – საიდან მოაქვთ ეს ფული, სად მიაქვთ, რაში ხარჯავენ.

„ბინადრობის მოწმობა ვისაც აქვს, ესეც არაა ტრაგედია, ესეც დროებითია, მაგრამ ბინადრობის გახანგრძლივების საკითხი როგორც კი დადგება, მაშინვე უნდა იკითხო – რატომ და რა ხდება. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. პრობლემები ეხლა  არ იქნება, პრობლემები წამოვა მერე, როცა ეს ხალხი უკან აღარ წავა და აქ დარჩებიან“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტის რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მცირეც კია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ბევრი რუსია შემოსული, არასწორია.

ბენდიანიშვილი ამბობს, რომ პირადად მას არ უნახავს ტურისტები, რომლებიც გამომწვევად იქცევიან და რამეს აშავებენ. ამიტომ ფიქრობს, რომ გარკვეულ საკითხებს იმაზე მგრძნობიერად ვუდგებით, ვიდრე რეალობაშია. თუმცა კონფლიქტოლოგი საფრთხეს ხედავს იმაში, რომ თუ ეს ხალხი აქ დარჩენას გადაწყვეტს, უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობის რჩება, რატომ და რა არის მათი საქართველოში ცხოვრების მიზეზი.

„რუსების გამომწვევ ქმედებებზე საუბარი ცოტა გადამეტებული მეჩვენება. წელს სად არ ვიყავი და რამდენი რუსიც შემხვდა, ყევლა ზრდილობიანად და მორიდებულად იქცეოდა. არ ვიცი სად ნახულობენ რუსებს, რომლებიც აგრესიულები არიან, მაგრამ ქართველებისაც მესმის, რომ რუსების სიყვარულს ვერ ვაიძულებთ და ეს შიშიც ბუნებერივია.

„ის რაოდენობა, რაც მარტიდან საქართველოში შემოვიდა, სხვა წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თუნდაც 2019 წლის, უფრო  ნაკლებია, ამიტომ არ არის დიდი და საგანგაშო. თუნდაც ბინების ყიდვის მხრივ არ არის იმ რაოდენობის, რაც გასულ წლებთან შედარებით იყო. ამიტომ ეს ისტერიკა არ მგონია სწორი იყოს.

„აქ საუბარი იმაზეა, რომ უნდა მოხდეს რუსების მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა. გაკონტროლდეს ის ბიზნესები, რომელიც აქ, საქართველოში რეგისტრირდება. დანარჩენი, ტურისტების შემოსვლაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, ქართველები ამით ეკონომიკურ სარგებელს ნახულობენ და ეს ხალხი უკან სახლში დაბრუნდება. ვიმეორებ, უნდა გაკონტროლდეს  ის ხალხი, რომლებიც აქ დარჩენას მოისურვებენ“, – ამბობს კონფლიქტოლოგი.

უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი

რაც შეეხება ამ საკითხზე ხელისუფლების პოზიციასა და ოპოზიციის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე საუბარს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გამოსავალი სავიზო რეჟიმის შემოღებაში არ არის. ესე მხოლოდ ბიუროკრატია, რითაც ფულს ისევ ჩინოვნიკები იშოვიან, რადგან რუსები, თუ სურვილი ექნებათ, აქ მაინც შემოვლენ.

რაც შეეხება ხელისუფლების  განცხადებებს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს კიდევ უფრო  ამწვავებს და სჯობს საერთოდ კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

„რაც შეეხება „ოცნების“  პოზიციას, მას ფული სჭირდება და ფიქრობს, რომ აქ რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა, მით უფრო  კარგია. ლარი მყარდება და იქმნება ილუზია, რომ ეკონომიკა იზრდება. მოსახლეობის  გარკვეული ნაწილი, ვინც ფულს ტურიზმით შოულობს კმაყოფილია. ამიტომ სულაც არ სურს, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში დებატებია საჭირო.

„მე სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრე ვარ, მაგრამ როგორ მოხდება ამის გადაწყვეტა, ამას პოლიტიკურ დონეზე ვერ ვხედავ“, – ამბობს ზაქარეიშვილი..

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share