მან საძირკველი გამოაცალა კლანს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება და გვაჩვენა ყველას, რომ ქართული ოცნება არის რეალურად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინტერვიუ ციხიდან და შეფასება მისთვის გამოტანილ განაჩენზე.
ნიკა გვარამია “მთავარი აქცენტების” ეთერში, სატელეფონო ინტერვიუსას, მოსამართლე ჩხიკვაძის დასაბუთებულ განაჩენს ეხმარება და ამბობს, რომ ის აბსურდულია:
“განაჩენი სასიხარულო და აბსურდულია პირდაპირ მინდა გითხრათ და პრინციპში, არც იყო სხვა რამე მოსალოდნელი. ვერ დაასაბუთებ იმას, რისი დასაბუთებაც შეუძლებელია. ასე, რომ ბატონი ჩხიკვაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესად ვარ მე აქ ვიდრე ჩხიკვაძე გარეთ. არ ვუსურვებ მას აქ შემოსვლას თავისთავად ცხადია, თუმცა მდგომარეობა, რომელშიც თავი ჩაიგდო და ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს თავის არჩევანს, არის ძალიან მძიმე. კარგი ის არის, რომ ჩხიკვაძემ გააკეთა მთავარი, რასაც ყველა ამდენ ხანს ველოდებოდით. მან საძირკველი გამოაცალა კლანს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება და გვაჩვენა ყველა რომ ქართული ოცნება არის რეალურად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები.” ამბობს ნიკა გვარამია
რაც შეეხება აშშ-ს მხრიდან შესაძლო ერთგვარ სანქცია რომლის მიხედვითაც ჩხიკვაძე ფლორიდაში ტრენინგზე ვეღარ მიდის, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სხვებიც იქნება: “მე დარწმუნებული ვარ, ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას ბევრი სხვა რამ მოჰყვება ჯაჭვური რეაქციით, ასე რომ… ამბობს ნიკა გვარამია.
ის ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას და ყველაზე მსხვილი პარტიის მხრიდან გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება, ასევე იმ შეფასებებს, რაც ამ კრიტიკას “ოცნების” მხრიდან მოჰყვა:
“პირველ რიგში, შევეხები დონალდ ტუსკის მიერ მიშა სააკაშვილის გამოქვეყნებულ წერილს. საერთოდ, მიშა სააკაშვილის მასშტაბს, რომელიც კარგად გამოჩნდა ევროპის ყველაზე დიდი პარტიული ოჯახის და ყველაზე დიდი ფრაქციის ევროპარლამენტში, სხდომიდან, მე არ მახსენდება და დარწმუნებული ვარ, არც ყოფილა მსგავსი რამ რაც სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა. მიიწვიეს, სიტყვით ვერ გამოვიდა, მისი ადგილი ცარიელი დატოვეს სპეციალურად მისთვის გვერდით იულია ტიმოშენკოსი, ხაზგასასმელად იმისი, რომ ეს პოლიტპატიმრების რიგია და სადაც ევროპის მთავარი ლიდერები ისხდნენ და ამ პარტიის წევრები არიან ურსულა ფონ დერ ლეიენი, მეცოლა, ასე რომ მეტი რაღა უნდა ითქვას. სააკაშვილის სიტყვა იყო ძალიან ამაღელვებელი, ძალიან სწორი და რაც მთავარია წაიკითხა დონალდ ტუსკმა და ეს მისი ბოლო სიტყვა იყო, როგორც თავმჯდომარის.
სხვათა შორის, იულია ტიმოშენკო თვითონა იყო პოლიტპატიმარი მაგრამ მსგავსი რამ მასთან დაკავშირებით არ მომხდარა და ის 40 მილიონიან უკრაინას წარმოადგენდა და თუ სწორად მახსოვს, ბატონი პოროშენკოც ამ პარტიული ოჯახის წევრია და როდესაც პარალელებს ავლებენ მასა და სააკაშვილს შორის რაღაც ბრალზე, აბსოლუტურ სისულელეს, რა თქმა უნდა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პოროშენკო რატომღაც აქ არ გამოჩენილა, არც მისი ადგილი იყო დარეზერვებული და არც სტუმრად მიუწვევია ვინმეს. ასე რომ, ამ აბსურდულობას, მიშას და პოროშენკოს შედარების, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ოღონდ ძალიან დიდი ტრიბუნიდან.” ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამია დადებითად აფასებს ნიკა მელიას გამოსვლას EPP-ს სამიტზე:
“ძალიან კარგი იყო ჩემი აზრით ნიკა მელიას გამოსვლა, ასევე ამაღელვებელი და ზუსტი აქცენტებით, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ ჩემი საკითხიც დააყენა და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნიკა მელიაც პოლიტიკური დევნილია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მის თავზეც დამოკლეს მახვილი ჰკიდია. ამ ქვეყანაში მარტო სააკაშვილი და გვარამია არ არიან პოლიტპატიმრები, ან დევნილები. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკური დევნილია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსვლა იყო ჩემთვის, ნიკას პირველი ასეთი მასშტაბური საერთაშორისო გამოსვლა, რომელმაც მას ჩემ თვალში, ჩამოაყალიბა უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკურ ლიდერად. საერთაშორისო ტრიბუნაზე არ გამოდიან უბრალოდ პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები.” ამბობს ის.
ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია ელოდება რომ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს:
“სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ მნიშვნელოვანი სტატუსი მივიღოთ. ყველაზე უფრო ტრაგიკული ის იქნება, რომ შესაძლოა უკრაინამ გარანტირებულად მაგრამ მოლდოვამაც უფრო მეტი მიიღოს ვიდრე ჩვენ. ჩვენ უარაფროდ არ დავრჩებით, მაგრამ მგონია, რომ ეს იქნება ალბანური სცენარი, ანუ ჯერ პირობების შესრულება და მერე დიალოგის გაგრძელება.” ამბობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი.
ნიკა გვარამიას თქმით, როგორც კი შეიცვლება “ოცნების” ხელისუფლება პროცესები საქართველოსთვის გაცილებით სწრაფად და სასურველი მიმართულებით წარიმართება:
“ახლა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირმა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ბოლო გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კარი ღია დარჩება ჩვენთვის და ხელისუფლების ცვლილებისთანავე ამ კარში ჩვენ შევალთ. ნუ, დროს დავკარგავთ, რას ვიზამთ, ეს ჩვენი შეცდომაა ეს ხელისუფლება რომ გვყავს, მაგრამ შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ” ამბობს ნიკა გვარამია.
კითხვაზე, რამდენად შეცვლის ევროპის მხრიდან დამოკიდებულებას, პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ საკითხს ახლა არ გადაწყვეტს და ასეც რომ მოიქცეს, დარჩენილ დროში, არაფერი შეიცვლება:
“გადაწყვეტილება უკვე გამოკრისტალებულია და ძალიან რთული იქნება 2-3 დღეში, თუ ერთ კვირაში სიტუაციის რადიკალურად და დრამატულად შეცვლა. მე ასე ვფიქრობ. სამწუხაროდ ეს ასეა. მე გამიხარდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ და მითუმეტეს გამიხარდება, რომ ამან დრამატულად შეატრიალოს სიტუაცია, მაგრამ ამ თვალსაზრისით პესიმისტურად ვარ განწყობილი.” ამბობს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, მთავარი შეკითხვა, რაც ახლა საქართველოსთან მიმართებით ისმება არის – საქართველოს ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროკავშირში ყოფნა, რადგან ყველა მათი ქმედება საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ნიკა გვარამია ინტერვიუს დასასრულს ამბობს, რომ გამოხსნა ახალა არა მას, არამედ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება:
“მე გამოხსნა არ მჭირდება, ნორმალურად ვგრძნობ თავს, პროცესების განვითარებას შევხედავ, მე არ ვფიქრობ იმაზე, როდის გამოვალ იმიტომ, რომ ციხეში ამაზე ფიქრი კატეგორიულად არ შეიძლება. უნდა შეეგუო იმას, რომ გამოხვალ სასჯელის ამოწურვის შემდეგ. გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს და იგი მართლა უნდა გამოვიხსნათ იმიტომ, რომ ადამიანი კვდება უბრალოდ და შეუძლებელია ამის ატანა და გაგრძელება. მე ძალიან იმედიანად ვარ ექსპერტების შესვლის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.
მიშას მივესალმები აქედან და ვუსურვებ კარგად ყოფნას, ის გვახსოვს ყველას, მეც მახსოვს ამ საკანში და ჩემი მთავარი საზრუნავი, სანერვიულო და ა.შ. არის მიშა.” ამბობს ნიკა გვარამია ციხიდან, სატელეფონო ინტერვიუში.