მორჩილება, მიწები, სიცოცხლე – რუსეთის მოთხოვნები “დამოუკიდებლობის” სანაცვლოდ

14 წლის წინ, 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, 2014 წლიდან, უკრაინაშიც გააგრძელა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „რესპუბლიკები“, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა და მისი ეს გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში, ამ დრომდე ოთხმა ქვეყნამ გაიზიარა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა 14 წლის შემდეგაც მწვავე ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის და ახლა უკვე სიკვდილიც უწევს რუსეთისთვის, უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ გაჩაღებულ ომში.

„აღიარების“ მე-14 წლისთავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი საკმაოდ დიდ პრობლემას წააწყდა. ჯერჯერობით უშედეგოა ძალისხმევა – მიითვისოს ბიჭვინთის მიწისა თუ ზღვის საკმაოდ დიდი ნაწილი. მოსკოვი აფხაზეთს ურთიერთობების გაფუჭებითაც ემუქრება.

ილუზიური დამოუკიდებლობის სანაცვლოდ

ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ხელისუფლებებმა წლევანდელ 26 აგვისტოს კვლავ აქეს რუსეთი და ხალხს „საერთაშორისო აღიარება“ მიულოცეს.

„ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისა ამ სამართლიანი და მამაცი ნაბიჯისთვის“, – თქვა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოკლე მიმართვაში და იქვე დასძინა, რომ აფხაზეთისთვის „ამ დღეს [26 აგვისტო] ახალი ეპოქა დაიწყო“. ბჟანიას ეამაყება, რომ „დამოუკიდებლობის დღისთვის“ აფხაზეთში „ოფიციალური ვიზიტით“ სირიელი მინისტრი ჩავიდა.

რუსეთის გარდა, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად 4 მარგინალურ სახელმწიფოს – ნიკარაგუასვენესუელასნაურუს და სირიას აქვს აღირებული.

გარკვეული დროითაღიარების გადაწყვეტილება მიიღეს
ვანუატუმ და ტუვალუმაცმაგრამ, საბოლოოდ, აღიარება უკან წაიღეს. ცხინვალისა და სოხუმის განცხადებებში ვანუატუ და ტუვალუ ისევ ამღიარებელთა ჩამონათვალში რჩებიან.

რუსეთის ახალ „ელჩს“ აფხაზეთში, მიხაილ შურგალინს „რია ნოვოსტი“-მ დაუსვა შეკითხვა – ხომ არ იგეგმება აფხაზეთის „აღიარება“ ჩრდილოეთ კორეის მხრიდანაც, ისევე, როგორც ეს უკრაინის დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შემთხვევაში მოხდა? შურგალინის პასუხია, რომ „აღიარების“ პროცესის გაფართოება მოსალოდნელია მას შემდეგ, როცა „სპეცოპერაციად“ წოდებული ომით რუსეთი „საერთაშორისო ცხოვრების მთელ არქიტექტურას შეცვლის“.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთს დიდად არ ადარდებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემდგომი “აღიარების” ბედი, რადგან ასე უფრო თავისუფლად მოქმედებს “შავ ხვრელებად” ქვეულ ამ ტერიტორიებზე, სადაც მას ორი სამხედრო ბაზაც აქვს.

მიწები, ზღვის ნაწილი და სანატორიუმებიც

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთს რჩება ძალისხმევა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწებისა და ზღვის ნაწილის მითვისებისთვის იბრძოლოს.

რუსეთი ცდილობს აფხაზეთში მიისაკუთროს: ბიჭვინთის ცნობილი სამთავრობო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთიზღვის ნაწილი – 115 ჰექტარი და ასევე КГБ- სამმართველოს სამხედრო ქალაქი ობიექტებითრომლებიც განთავსებულია ბიჭვინთამიუსერის ნაკრძალის ტერიტორიაზე.

ბჟანია თანახმაა, მაგრამ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აფხაზეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და ერთმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადა. ამ ეტაპზე სარატიფიკაციო დოკუმენტი ე.წ. პარლამენტს ე.წ.-მა საკონსტიტუციო სასამართლომ უკან დაუბრუნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიწა აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრებაა და ის გასხვისებას არ ექვემდებარება.

მოსკოვიდანაც ხშირად ისმის და რუსეთის „ელჩმა“ „რია ნოვისტი“-სთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ თუკი მოთხოვნილს ვერ მიიღებენ, აფხაზეთი ბევრ რამეს უნდა დაემშვიდობოს, მაგალითად – აეროპორტების, ტურისტული ობიექტებისა და რკინიგზის მშენებლობას.

ჩანს, რომ რუსეთს უფრო გრძელი სიაც აქვს. კერძოდ, მიხაილ შურგალინი იმავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსეთის მე-7 ბაზის „შემადგენელი ნაწილებია“ სანატორიუმები – “Сухум” და “Сухумский“, რომლებსაც ახლა „ექსპლუატაციას უწევენ კერძო ბიზნესმენები, რესტორატორები და სხვა კომერსანტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვთ რუსეთის სამხედრო ბაზასთან“ და ეს რეალობა, მისი აზრით, შესაცვლელია.

ტბებიც?

ტბები მოსწონს კრემლის მხარდამჭერ ჟურნალისტს, დასავლეთის მიერ სანქცირებულ ვლადიმირ სოლოვიოვს, რომელმაც თავის გადაცემა „სოლოვიოვ LIVE“-ში 25 აგვისტოს ასლან ბჟანიასთან იტალია და კომოს ტბაც გაიხსენა.

„ნამყოფი ვარ კომოს ტბაზე იტალიაში, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ვიყავი რიწის ტბაზეც [აფხაზეთში] და ასევე მშვენიერია… უბრალოდ, მე მანდ ვერ დავინახე ინვესტირების შესაძლებლობები, მაგრამ გასაგიჟებელი სილამაზეა… მიყვარს აფხაზეთი, ნამყოფი ვარ რამდენჯერმე… ვფიქრობ, რომ კომოს ტბის ნაცვლად, რიწის ტბაზე ვიარო“, – თქვა სოლოვიოვმა. ბჟანიამ კი, მას უთხრა, რომ აფხაზეთის აღმოსავლეთში მას უფრო ლამაზი ერთი ტბა ეგულება, სადაც სოლოვიოვი შეძლებს, რომ თავი კომოს ტბის პირას წარმოიდგინოს.

25 ივლისს აფხაზური საინფორმაციო გამოცემის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენარომ გამოკითხულთა 80 პროცენტი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა.

„აფხაზები ხვდებიან, რუსეთისთვის მათი დამოუკიდებლობა არაფერს წარმოადგენს… სოციალურ ქსელებში, რასაც მე მუდმივად ვადევნებ თვალს, აშკარად შეცლილია ადრინდელი განცდა, რომ მათ ნამდვილი დამოუკიდებლობა მიიღეს… ეს განწყობა აშკარად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავხედურად და უტიფრად გამოაცხადა პრეტენზია, რომ ბიჭვინთაში ამხელა მიწა, ბუნება მიითვისოს… ამაზე ძალიან აღშფოთებულები არიან“, -ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

მოსკოვს შედარებით იოლად აქვს საქმე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც მის ნებისმიერ სურვილს ასრულებენ და რეფერენდუმის გზით, რუსეთთან შეერთებისკენაც ისწრაფვიან. მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს რეფერენდუმის იდეის განხორციელებისგან.

ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთს ამ რეგიონის „ტვირთად წამოკიდება“ და მეტი ეკონომიკური პასუხისმგებლობის აღება არ უღირს.

პაატა ზაქარეიშვილი კიდევ ერთ მიზეზს ხედავს:

„რუსეთს არ აწყობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაღიზიანება… თითქოს, რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ ორმხრივი არგაღიზიანების პოლიტიკა აქვთ. რუსეთის მიზანია, რომ არ ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება. რეფერენდუმი ანექსიის საფუძველი გახდება და ნებისმიერი ანექსია შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის”, – ზაქარეიშვილი იქვე აღნიშნავს, რომ “დიდი შეცდომაა”, როცა ხელისუფლება რუსეთის მიერ საქართველოში ნამოქმედარს ხშირად და ხმამაღლა არ შეახსენებს მსოფლიოს.

საფასური – სიცოცხლე

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკვე 14 წელია უსაფრთხოებას ჰპირდება და უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მათ ომში წასვლა და სიცოცხლის გარისკვაც მოსთხოვა. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ, ამის გამო, უკმაყოფილება რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურმა ოსებმაც გამოხატეს.

„რასაც ვხედავთ, ახლა უკრაინის ომის ფონზე ეს ე.წ. „აღიარება“ სიცოცხლის ფასად უჯდებათ – რადგან უკრაინაში რუსეთისთვის უწევთ ომი და ეს საშინლად არ მოსწონთ… ვინც ცოტა აზროვნებს, ყველა გასწრებაზეა. მაგალითად, ცხინვალი, ახალგაზრდებისგან იცლება. ვინც მანდ სამხედრო კონტრაქტით არიან, იძულებული არიან მიიღონ მონაწილეობა ომში… საზოგადოება არ მალავს უკმაყოფილებას. პატარა ქალაქში 18 ადამიანი დაეღუპათ და ძალიან რეზონანსულია“, – ზურაბ ბენდიანიშვილს მჭიდრო კონტაქტები აქვს ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებასთან.

რა გეგმით მოქმედებს რუსეთი?

ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთჯერად აქტად განიხილა, 2014 წლის შემდეგ და განსაკუთრებით 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა თვალი ყველას აუხილა.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსეთის პრეზიდენტმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკრაინაში შეჭრამდე სამი დღით ადრე, 21 თებერვალს, აღიარა. 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილი და ანექსირებული ჰქონდა ყირიმის ნახევარკუნძული.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე გვეუბნება, რომ რუსეთი ტერიტორიების ოკუპაციის გზით, ანექსიისთვის ამზადებს ნიადაგს და ეს გამიზნული პოლიტიკის ნაწილია.

„რუსეთის სახელმწიფო არ არის ეკონომიკური იმპერია. მისი იდენტობა – ტერიტორიული, კონტინენტური იმპერიაა. როგორც ვხედავთ ბელარუსის მსგავსი შეზღუდული სუვერენიტეტის პატივისცემაც კი არ უნდა მას… ვნახეთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის [რეფერენდუმის] საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის დაჩქარებასთან დაკავშირებით წამოწიეს დღის წესრიგში და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისევ ამ თემის წამოწევა… აფხაზეთის მიმართულებით ეს უფრო ჭირს, მაგრამ სურვილი ნათელია“, – ამბობს კობახიძე და აღნიშნავს ასევე, რომ რუსეთის გეგმების განხორციელება დიდწილად იქნება დამოკიდებული უკრაინაში ომის შედეგებზე.

ამ ეტაპისთვის რუსეთი გეგმავს, რომ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სექტემბერში ჩაატაროს რეფერენდუმები – რუსეთთან მიერთების საკითხზე. რუსეთი რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონებშიც. უკრაინა ხერსონის სამხედრო გზით გათავისუფლებას გეგმავს.

აშშ მოელის, რომ მოსკოვი „არჩევნების“ შედეგების მანიპულირებით იმის მტკიცებას ეცდება, რომ სამხედროების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოქალაქეებს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რეფერენდუმები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს რუსეთთან ოდესმე მოლაპარაკების პერსპექტივებსაც.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „სოლოვიოვ LIVE“-ის ეთერში განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა შეუერთდეს ბელარუს-რუსეთისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ბჟანიას თქმით, „სამოკავშირო სახელმწიფოს იდეა აფხაზი ხალხისთვის ახლობელია“ და„ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share