მოიხსნა ჩარიცხვისა და გრანტების რეკორდი, მაგრამ, ჩაჭრილთა რაოდენობაც რეკორდულია – 2022 წლის ეროვნული გამოცდების თავისებურებები

ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც რეგისტრირებულთა 77%-ზე მეტს შეადგენს. თუმცა განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ უმაღლესში ვერ მოხვდა 23%, რაც ძალიან მაღალი რიცხვია სხვა წლებთან შედარებით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მიიღო, მათ შორის 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1 500-მდე, 50%-იანი გრანტი კი – 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ ჟურნალისტებთან ის სპეციალობები დაასახელა, რომლებიც, წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.

„წელსაც, კონკურსი განსაკუთრებულად მაღალი იყო. მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. ჯანდაცვის მიმართულებაში ვგულისხმობ დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებს”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.

ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი საურობს აბიტურიენტებში პოპულარული ფაკულტეტბისა და იმ რეფორმების შესახებ, რაც, მისი აზრით, მიუღებელი და ანტისახელმწიფოერივია.

„წელს ლიდერობს შემდეგი საგანმანათლელო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მეცნიერებები. თუმცა არის სიახლეც, წინა წლებში მეორე ადგილზე ფსიქოლოგია არ იყო, იქ იდგა ბიზნესადმინისტრირება. აქ მოხდა ცვლილება. გარდა ამისა, ცოტა უკან დაიხია ჯანდაცვის სფერომაც, რაც საინტერესოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა წელს, რომელთაგანაც 77%-ია ჩარიცხული, ანუ უმაღლესში ვერ მოხვდა 23%, რაც ძალიან მაღალი რიცხვია სხვა წლებთან შედარებით.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცნობას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2022-ში აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის გაცემის რაოდენობამ ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, მაგრამ, ამავე დროს, ჩაჭრის რეკორდიც მოიხსნა.

„გარდა ამისა, წელს თითქმის ყველა საგანში, დაფიქსირდა მაღალქულიანი აბიტურიენტების დიდი რაოდენობა, რაც ვფიქრობ, რომ არის ხელოვნურად გაკეთებული. ან წელს ხელოვნურად აწიეს ქულები ან წინა წლებში ხელოვნურად აკლებდნენ ქულებს. რა მოხდა, რომ წელს ქართულში 64 უმაღლესი ქულა დაიწერა და 2005-2021-ებში მხოლოდ ერთი მაღალი ქულა იწერებოდა? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო ხელოვნური პროცესი. დათქმა იყო, რომ მხოლოდ ერთ აბიტურიენტს უნდა მიეღო მაღალი ქულა.

„კიდევ რას უნდა მიექცეს ყურადღება, უმაღლესის ტესტებს შინაარსი შეცვალეს და გაამარტივეს, ამის გამო, დაიწია მინიმალური და მაქსიმალური ქულებიც. ექსპერტები ყოველთვის ვსაურობდით, რომ ეს ქულები უნდა აწეულიყო, მაგრამ საპირისპირო გააკეთა ხელისუფლებამ, იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს ონლაინ-სწავლებას განათლების ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია.

„ამით იმის თქმა უნდათ, რომ რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით და საქართველოში დისტანციურ სწავლებას არანაირი მავნე ზეგავლენა არ მოუხდენია. ეს ყველაფერი ტყუილია, რასაც ან რეფორმატორთა ჯგუფი აკეთებს, რომ გადაირჩინონ თავი, ან არის ხელისუფლების დაკვეთა იმის პასუხად რასაც ღიად ვამბობთ, რომ განათლების ხარისხი არის კატასტროფა.

„ტარდება ანტიმეცნიერული და ანტისახელმწიფოერივი რეფორმები, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ტყუილად იხარჯება ფული. არც კი უნდა დაუშვას ხელისუფლებამ, რომ წლსაც ჩაიკეტოს სასწავლო დაწესებულებები და გაგრძელდეს დისტანციური სწავლება,” – აცხადებს განათლების ექსპერტი.

რეზონანსი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share