გუგული ვარ ასათიანი, ოთხმოცდათექვსმეტი წელი შევასრულე, ჩემი ხნის აღარკაცი აღარ ვიცი ახლო მახლო თუა დარჩენილი ვინმე.
ასკანაში დევიბადე, გიგო ასათიანის დიდ ოჯახში. ბებია სოფიო გიგინეიშვილი იყო, ბაბუა სიმონ ასათიანი. აი ჩემი სახლი მაშინ კას სახლად ითქმოდა და აგერ გვედგა დაბალში. მერე ბოლოს დავშალეთ, ამევიტანეთ ზეით და დავდგით. მაშინ კაი იყო და ახლა რაღავიცი, დაფახფახთა ჩემსავით, ერთად მოვხუცდით.
სკოლა ასკანაში დავამთავრე, ხის ბარჯგებიანი შენობა იყო, ნაეკლესიარზე. სკოლაში ქალაბანით ვიარებოდით მახსოვს, კლაში ტალახიანი ფეხსაცმელით არ გვიშობდა დირექტორი, კაპიტონ ჯაველიძე. გევიძრობდით და ისე შევიდოდით შით. ერთი გაყოლა დიომიდე ჭეიშვილისას იყო სკოლა, სახლში მოწყობილი, არმახსოვს რეიზა, ალბათ ახალ სკოლას აშენებდენ? აღარ მახსოვს მიზეზი. ფეხტკივანი კაცი იყო დიომიდე, ერთი ოთახი გვქონდა დათმობილი, იმის ძაღლმა მომპარა ცალი ქალაბანი და მახსოვს რაფერ ვაღვარღავლებდი კურცხალს და ბღოჭინ ბღოჭინით მივიდოდი ფეხშველი შინ.. ზაფხულში გორგოშიძის წუღები ეთქუა, საბურავის ძირებს უკეთებდენ იი გვეცუა, რა იყო იი რაიყო, უხეში საშინელი.
ფირალი დათიკო შევარდნაძის ცოლი იყო მამიდაჩემი გულიჩქა, დათიკო რომ მოკლეს მას მერე ბათუმში ცხოვრობდა გულიჩქა მამიდა და სტუდენტი რომ გავხდი მასან დავსახლდი. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტში ჩავაბარე.
სასწაულებს ყობოდა მამიდა დათიკოზე, სასწაული ცხოვრება გამუურონიებია დათიკოს მისდაც. დაადუა თურმე კვერცხი თავზე, დააყენა კედელთან, სტკლიცა თოფით ტყვია და დაააფშნა კვერცხი თავზე. გამაციაო, მოვკტი ერთი სიკვტილიო იტყოდა მამიდა.
ლექსს ყობოდა დათიკოზე მახსოვს: “მტარვალების ტლანქმა ძალამ გამომაგდო მინდორ ველათ, მოდით ძმებო და ვიბრძოლოთ ახალ დროის შესამქნელად..”
გათხოვილი ვიყაი ჯიხაიშსში, ტექნიკუმში მასწავლებლად ვიმუშავე, სოფლის მეურნეობის აგრანომებს ვამზადებდით, პოლიკარპე მიქაძე იყო ჩვენი პროფსასწავლებლის დირექტორი. წესრიგში იყო ყორიფელი, უბატონოთ ხმას არ გაცვცემდით, ხალისით ვმუშაობდით.
ქმარი მომიკტა, შვილი არ გვყოლია, ქეც ავაშენე, ქეც ყორიფელი მარა არ დამაყენა მამაჩემმა და ჩემმმა ძმამა სიმონამ და რომ დავქრივდი მერე წამომიყვანა შინ. ქე ვარ მას მერე აგერ. ოთხი შვილი გუუზარდე ჩემ ძმას სამი ბიჭი და ერთი გოგო, ღვიძლი შვილებივით არიენ ჩემდა, ერთიმიორეზე ლამაზები კარგები და წესიერები, ბაღნებს შენც კი იცნობ რაფერები არიენ კი იცი..
ათი წელი ასკანის საბჭოს დივნათ ვიმუშავე, თლა ვიცოდი მთელი სოფლის ამბავი, ვინ გაჩთა, ვინ მოკტა, ვინ როის დაქორწინდა გიეყო და გუურიგდა, ყველას ვცნობდი, ახლა შინაურის ცნობა მიჭირს ხან, გარეულის კარა. ადრე ეზოშიც ვშრომობდი, რაცხას ვჩაჩუნობდი, ახლა აფერი აღარ შემიძლია, საღამოს დევიძინებ ადრიელა, გათენებული არაა ვდგები ზეთ, გავდივარ გარეთ, მევისუნთქავ ჰაიერს, გევიხედავ, გამევიხედავ.
ჩემი ძმაი მომიკტა, მისი ცოლი ლეილა მამრიკიშვილის იმედათ ვარ ახლა აგერ, იგია ჩემი პატრონი. ვდაობთ ხან, ჩხუბი არ ვიცი მარა ვდაობთ, მაინც მაია ჩემი პატრონი. ქუთაისიდან მაშვლითაა ჩვენსას გამოთხოვილი. რომ მოწყობილა საქმე დედამისს ქმარი გამუუშვია, მამამისი. წაი გეიკითხე სა ვათხუებთ გოგოს, რა ხალხია , ვინ არიენ, თუ აქვენ რამეო. წამოსულა იი კაცი, მოსულა ნაგომარამდე და უკითხავს რაფერი ხალხია ასკანელი ასათიანებიო, უქივართ მარა რა უქივართ იმ ხალხს ნაგომარში, კაცმა არ იცის ვინ იყვენ, გუუშლიენ სუფრა და უციენ პატივი. სულ არ მოსულა ჩვენთა. ქორწილი, რომ ვქენით მევიდენ ქუთაისიდან ახალი მოყვრები, მაყარი, აქანე მაშინ გვინძღი იყო, ჩიტს კურკანტელი ვერ გაქონდა იმფერი ტყეი. ქუთაისის პირველი სკოლა ქონდა დამთავრებული ლეილას, ლამაზი იყო. ჩემი ძმაი ავ თვალს არ ენახვებოდა, ყველა კაი იყვენ ასათიანები. კუდი ყავარზე აქვენ გადობილი ქუთაისლებს კი იცი ალბათ, ახლა კოხტაპრუწობენ და მაშინ რაიქნებოდა წარმეიდგინე. ყობოდენ მერე რაფერ კლავდა დედამისი იმ კაცს ქორწილში, ამის გასაგებათ გამოგიშვი და შენ რა ამბავი მომიტანე, რაფერ დავტიო აი ანგელოზივით გოგო ამ ტყეშიო. წვიმდა იმ დღეს და ირჩობოდენ ქუთაისლები ამ ალიზა ტალახში.
მეზობელი ცისანა მყავს აგერ ძვირფასი მეზობელი, მარა ვეღარ ვიარები. აღარც იმას აღარ შუუძლია მოსლა, ქევარ ასე ჩემდა მარტუა, ვჟდანვარ და ვფიქრობ ბეურს. გარებულ ცხოვრებაზე ვფიქრობ ძირითადად.
ხან სტუმარიც მუა რომელიმე ნათესავი, დარჩება აგერ ერთი ორი დღეი და ქე წავლიენ მის მის გზაზე, ყველას მისი ოჯახი და საქმე აქვს.
ინდაურებიზა ჯინჭარს ვხარშავ , ჭიაფერას ფოთლებს დუუჭრი, მიჩვეული არიენ და ტყულა რომ გევიარო მომდევენ უკან, ვიქცევ თავს რავქნა.
ბევრი არ დამჩენია ალბათ. მინდა ყოლიკაცს გახარებულს და გაცინებულს ვხედავდე. მინდა დეინდოს ადამიანმა მიორე ადამიანი, შეიყვაროს. ყველას გძელი დღეი და სიხარულით სამსე ცხოვრებას გისურვებთ შვილებო.
მთხრობელი გუგული ასათიანი.
ოზურგეთი, სოფელი ასკანა. დაბალეწერი.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე