იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და ახლაც სწორედ ამიტომ გეგმავენ სამხარაულის ბიუროსთვის მიმართვას ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად:
ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება უკვე კლინიკა ვივა მედში და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.
ამდენი ხნის განმავლობაში და ზოგადად ბატონი სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში, მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე მე-18 სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე ის იმყოფებოდა გორში. და შემდგომში, როცა საჭირო გახდა, გადმოყვანილი იყო ვივა მედის კლინიკაში. ანუ, მთელ ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან, მას ეს გაეწია. აი ამას ვაკეთებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც კი ჭირდებოდა სამედიცინო კუთხით, სახელმწიფო ამას აკეთებდა.” ამბობს ბრეგაძე.
კითხვაზე, თუ ეს ასე იყო, რატომ არ უმჯობესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და რატომ იკლებს ის წონაში, ბრეგაძე ამბობს, რომ – “წონის კლება ყოველთვის არ არის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული”.
ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და პროფესიონალებმა.
“სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რაც იყო საჭირო ამ ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. სჭირდებოდა კლინიკაში გადაყვანა? გადაყვანილია. ახლა, რაც შეეხება იმ ექსპერტიზის ჩატარებას, რომელზეც ვსაუბრობთ, გვინდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მივიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. “ემპათია” რასაც ატარებს ეს არის მათი გადაწყვეტილება” ამბობს ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გააკეთა პირველი განცხადება. შეთავაზებაზე მესამე პრეზიდენტი თანახმაა.